მესმის, რომ მცირე დროა დარჩენილი, მაგრამ იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, დათქმულ ვადებში დასრულდება მიმდინარე სამუშაოები, – ამბობს კახა კალაძე და ირწმუნება, რომ წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება.
მერის თქმით, ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობაა, რის გამოც, მასშტაბური პროექტების განხორციელებისას, მათი მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები ხშირად ირღვევა.
„სამწუხაროა, რომ კონტრაქტორმა კომპანიებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ეს მხოლოდ მერიას არ ეხება. ზოგადად, პრობლემაა კვალიფიციური მუშახელის. გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ამ მიმართულებით განვვითარდეთ. ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელებისას კონტრაქტორ კომპანიებს ხშირად აქვთ ხარვეზები, პროცესში უამრავი ჯარიმა იწერება. ჩვენ ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ხარისხს და დათქმული ვადებში დაცვას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, კომპანიებს, რომლებსაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ევალებოდათ, თბილისის მერიამ კონტრაქტი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეუწყვიტა. კომპანიებს “მილენიუმ ბილდერსა” და “ერტედეს” სამუშაოები ამა წლის იანვრამდე უნდა დაესრულებინათ, რისთვისაც მათთვის ბიუჯეტიდან 31 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. ჩაშლილი რეაბილიტაციისა და სამუშაოების გახანგრძლივების გამო ეს ხელშეკრულებები შეწყდა. წერეთლის გამზირი 8 თვეა გადათხრილია და მერიამ ახლაღა დაადგინა, რომ ორი კომპანია უხარისხოდ აწარმოებდა სამუშაოებს.
უკვე ცნობილია 4 კომპანია, რომელიც სამუშაოებს გააგრძელებს. მათ შორისა, ერთ-ერთი ბერა ივანიშვილის მეგობრის შპს “პარმაა”.