პირველი ქართული წიგნი ბრენდინგზე – ინტერვიუ ბრენდ-არქიტექტორ შოთა ჩინჩალაძესთან

Shota.about.branding – თუ ეს გვერდი „ინსტაგრამზე“ ერთხელ მაინც შეგხვედრიათ, მაშინ აუცილებლად გაეცნობოდით საინტერესო იდეებს და მიიღებდით შთაგონებას ბიზნესის შექმნასა და ბრენდინგთან დაკავშირებით.
გვერდი ეკუთვნის შოთა ჩინჩალაძეს, რომელიც ავტორია ბრენდინგის შესახებ დაწერილი პირველი ქართული წიგნის – „ჩამოყალიბდით“. წიგნი გზამკვლევია მათთვის, ვინც ახლა იწყებს ბიზნესს, ვინც მისი ფორმირების პროცესშია ან ვინც მარკეტინგისა და ბრენდინგის სფეროში საქმიანობს.
შოთა ჩინჩალაძე ბრენდის სტრატეგი და კონსულტანტი, LEVEL C-ის მიერ სერტიფიცირებული ბრენდ-არქიტექტორი, ბრენდის სტრატეგიის ტრენერი და ლექტორია. მას ნამუშევარი აქვს 100-ზე მეტი ბრენდის სტრატეგიის შექმნაზე, გარდაქმნასა თუ კომუნიკაციაზე. 2013 წლიდან ლექციებს კითხულობს „ჯიპაში“ და საქართველოს სხვა უნივერსიტეტებსა თუ ტრენინგ ცენტრებში.
წიგნის შინაარსზე, მისი შექმნის ისტორიასა და საკუთარ გამოცდილებაზე შოთა ჩინჩალაძე თავად გვიამბობს:
– როგორ გაჩნდა წიგნის იდეა? ხომ არ იყო ის თქვენი სოციალური მედიის გვერდზე დაგროვილი იდეების გამოძახილი?
– წიგნის შექმნის იდეა თავდაპირველად 5 წლის წინ გაჩნდა. უკვე დიდი ხანია ვგრძნობ, რომ მცირე და საშუალო მეწარმეებს სჭირდებოდათ ორიგინალური ქართული სახელმძღვანელო ბრენდინგის შესახებ, რომელიც კონკრეტული ხელსაწყოების მეშვეობით ბრენდის სტრატეგიის ჩამოყალიბებაში და შედეგად მარადმწვანე, მარადიული ბრენდების შემქნაში დაეხმარებოდათ.
10 წელზე მეტია ლექციებსა და ტრენინგებს ვატარებ ბიზნესით, კომუნიკაციებითა და ბრენდინგით დაინტერესებული ადამიანებისთვის. 2023 წელს, მორიგი ასეთი ტრენინგი ჩავატარე მცირე მეწარმეებისთვის, გერმანული ფონდი „შპარკასეს“ საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივით. ტრენინგის დასრულებისთანავე გაჩნდა იდეა, რომ ამ ადამიანებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელოც დაგვემზადებინა, ბრენდებზე მუშაობა რომ გაეგრძელებინათ. თავდაპირველად, სასწავლო მასალად დაბადებულ იდეას გაცილებით დიდი მასშტაბები შევძინეთ და სრულფასოვან წიგნად ვაქციეთ. სწორედ გერმანული ფონდი „შპარკასეს“ საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით დავიწყეთ წიგნის შინაარსზე მუშაობა იმავე წელს. პროცესი საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი აღმოჩნდა და წიგნის საბოლოო გაცოცხლებისთვის დაახლოებით 2 წელი დამჭირდა.
შინაარსის დასრულებისთანავე გამოჩნდა გამომცემლობა „პალიტრა L“, რომელმაც წიგნის მნიშვნელობა ირწმუნა და პირველი ქართული წიგნი ბრენდინგზე „ლურჯი ოკეანის“ სერიის ფარგლებში გამოსცა. აი უკვე 1 ოქტომბრიდან “ჩამოყალიბდით” ოფიციალურ გაყიდვებშიც ჩაეშვა.
წიგნის მიზანი კვლავაც უცვლელია – ადამიანებს, ვისაც უკვე აქვს ან სურს შექმნას ბიზნესი და გრძელვადიან ბრენდად აქციოს ის, პრაქტიკული და თეორიული ცოდნის კომბინაციით, სწორი საფუძვლის მომზადებაში დავეხმაროთ. მასში საბაზისო სტრატეგიისთვის აუცილებელი სტრატეგიული განაცხადები შინაარსობრივად, სიღრმისეულადაა ახსნილი და ამავდროულად, თითოეულ მათგანზე მუშაობისთვის საჭირო სავარჯიშოებიც რა თქმა უნდა ადგილზეა.
– შეიძლება ითქვას, რომ წიგნი ბრენდინგის შესახებ ადგილობრივ რეალობასა და გლობალურ ტენდენციებს აერთიანებს და მისი მთავარი ღირებულებაც ამაშია?
– ცხადია. წიგნში – „ჩამოყალიბდით“, მკითხველი გლობალურ მაგალითებსაც შეხვდება, თუმცა მათ უკეთ გასაგებად და აღსაქმელად უამრავ ქართულ მაგალითსაც წაიკითხავს – ჩემი თუ ჩემი კოლეგების გამოცდილებიდან.
– რატომ იყო თქვენთვის, როგორც ბრენდ არქიტექტორისთვის მნიშვნელოვანი თქვენი იდეების, შეხედულებებისა და გამოცდილების თავმოყრა?
– მე უბრალოდ კარგად ვიცი, როგორ უმარტივებს ჩამოყალიბებული სტრატეგია ბრენდების მფლობელებს საქმეს. ვიცი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ძლიერ ბრენდს კომპანიის წარმატებაში და ისიც ვიცი, რომ ასეთი ბრენდების შექმნა სწორი საფუძვლის მომზადების, სტრატეგიული ჩამოყალიბების გარეშე შეუძლებალია. ჰოდა მინდა, ეს ცოდნა რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიტანო და მეტს გავუზიარო. მიხარია, რომ შევძელი, იდეები, რომელსაც 10 წელზე მეტია სტატიებში, ინტერვიუებში, ჩემი „ინსტაგრამის“ გვერდზე თუ სხვადასხვა პოდკასტში ვშლი ხოლმე, ახლა აკადემიური ფორმით მივიტანო კიდევ უფრო მეტ მეწარმემდე.
ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ადამიანი მეუბნება, რომ დავიწყე წიგნზე მუშაობა, უკვე გარკვეული იდეები მაქვს, ვხვდები, სად ვცდებოდი და როგორ ვიმოქმედო. სწორედ ამისთვის შეიქმნა ეს წიგნი და ასეთი უკუკავშირი ნიშნავს, რომ ის ბიზნესებს რეალურად ეხმარება.
– რა მთავარი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოს ბრენდ-არქიტექტორმა, რათა ბიზნესი და მისი მარკეტინგული კამპანია თანხვედრაში იყოს ბაზრის მოთხოვნებთან, იქნება ეს მცირე და საშუალო ბიზნესი თუ ?
– ამისთვის ალბათ სოციუმის მოსმენა ყველაზე მნიშვნელოვანია და აქ მხოლოდ კვლევების წაკითხვას არ ვგულისხმობ. ყოველდღიური დაკვირვება, რა უჭირთ, რა სჭირდებათ ადამიანებს, ხანდახან ფორმალურ კვლევაზე გაცილებით მძლავრი მეთოდია ხოლმე. როგორც ჩვენს საყვარელ ადამიანებს ვაკვირდებით და ვიგებთ, რა სჭირდებათ და რა მოსწონთ მათ, ისე უნდა მოვუსმინოთ ჩვენს მომხმარებელსაც, შევისწავლოთ მათი განწყობები, დანაკლისები და ჩვენი ბრენდის დახმარებით შევუვსოთ.
ეს არის ალბათ ერთადერთი გზა, რომ სწორად აკეთო საქმე.
– რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის შემქმნელისთვის, ბრენდ-არქიტექტორებისა თუ მარკეტებისთვის თვითგანვითარებაზე ზრუნვა და როგორია ამ მხრივ თქვენი გამოცდილება?
– თვითგანვითარება შეიძლება ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა იყოს: შეიძლება, კონკრეტულ ადამიანს პროფესიულ განვითარებაზე მეტად პიროვნული სჭირდებოდეს და პირიქით.
თუ ჩემი გამოცდილება გამოადგებათ, ვიტყოდი, რომ ბალანსის დაცვა პირად და პროფესიულ განვითარებას შორის საკუთარი თავისა და საკუთარი პროფესიის სიღრმისეულად შეცნობის საუკეთესო საშუალებაა.
საბოლოო ჯამში, საქმე კარგად რომ აკეთო, ერთი – უნდა იცოდე და მეორე – უნდა გიყვარდეს. იმისათვის, რომ გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ, საკუთარ თავში გარკვეული უნდა იყო. ჩამოყალიბების პირველი თავიც სწორედ საკუთარ თავში ჩამოყალიბებას ეხება. თუ არ იცი, რა გინდა, რა გსიამოვნებს, რა გაბრაზებს, რთულია, ეს ყველაფერი ბიზნესზე და ბრენდზე გადაიტანო, ამიტომ ჩემი გამოცდილებით თანაბრად უნდა განვითარდე პიროვნულად და პროფესიულად.
– მთავარი რჩევები მათ, ვისაც სურთ, რომ ახლა შექმნან თავიანთი ბიზნესი და თავიანთი ბრენდი.
– მთავარი რჩევა ჩემს წიგნს დავარქვი სახელად – „ჩამოყალიბდით“. მოემზადეთ იმისათვის, სადაც მიდიხართ. როცა საქმე ბიზნესს ეხება წინ დიდ გზა გელოდებათ – გზა, რომელიც აუცილებლად წაიღებს თქვენს დროსა და ენერგიას, დაგღლით, ბევრ შეცდომას დაგანახებთ მაგრამ, რა თქმა უნდა, ამავდროულად, ძალიან სასიამოვნოც იქნება. ამას ბრძოლას ვადარებ ხოლმე. წიგნის გარეკანზე, ანოტაციაში წერია სუნ ძის იდეა „ომის ხელოვნებიდან“ – ის ამბობს, რომ გამარჯვებული მეომრები ომს ბრძოლაში წასვლის წინ იგებენ და არა მისი მიმდინარეობისას. ასეა ბრენდის შენებაშიც.
საკუთარი თავი უნდა მოვამზადოთ იმ დიდი გზისთვის, რასაც ბიზნესის განვითარებისას ვიწყებთ და თუ არ ვიცით, რა მიმართულება გვაქვს არჩეული და სად არის საბოლოო წერტილი, ძალიან გაგვიჭირდება წარმატების მიღწევა.
წიგნის შესაძენად „ჩამოყალიბდით: ბრენდის სტრატეგიის გზამკვლევი დამწყები მეწარმეებისა და საკუთარი ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის“ – მიჰყევით ბმულს.
(R)