პირველი სატელეფონო ზარის ისტორია — 9 სიტყვა, რომელმაც სამყარო შეცვალა

რთული წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა ჩვენი ყოველდღიურობა ტელეფონის გარეშე. ყველაფერი ერთი პატარა აპარატითა და მოულოდნელი აღმოჩენებით დაიწყო. ამ ამბავზე აბერისტუითის უნივერსიტეტის პროფესორი და ისტორიკოსი აივან რის მორისი თავის სტატიაში დეტალურად გვიამბობს. ქვემოთ ამ სტატიის ქართულ ვერსიას წაიკითხავთ.
ალექსანდერ გრეიამ ბელი და ტელეფონის დაბადება
“მისტერ უოტსონ, თუ შეგიძლიათ, აქ მოდით, თქვენი ნახვა მინდა” — ერთი შეხედვით, ფრაზაში განსაკუთრებული არაფერია, თუმცა ამ 9 სიტყვის მიერ გამოწვეული ეფექტი წარმოუდგენლად დიდი აღმოჩნდა.
1876 წლის 10 მარტს ბოსტონის ლაბორატორიაში წარმოშობით შოტლანდიელმა ალექსანდერ გრეიამ ბელმა ისტორიული სიტყვები წარმოთქვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ადამიანის ხმა ერთი წერტილიდან მეორეში, სადენის საშუალებით, გასაგებად გადაიცა. სწორედ ასე დაიწყო ტელეფონის ეპოქა.
ბელის ასისტენტმა, თომას უოტსონმა, ეს ისტორიული ზარი მეზობელ ოთახში მიიღო, თუმცა თავად გამომგონებლის ამბიციები ბევრად შორს მიდიოდა. ბოსტონის უნივერსიტეტის ვოკალური ფიზიოლოგიის 29 წლის პროფესორი დარწმუნებული იყო, რომ მან შექმნა ტექნოლოგია, რომელიც ისტორიას შეცვლიდა. ახლა მთავარი გამოწვევა ის იყო, რომ ამაში დანარჩენი მსოფლიოც დაერწმუნებინა.
ამ მოწყობილობაზე, რომელსაც თავად “ჰარმონიულ ტელეგრაფს” უწოდებდა, ალექსანდერ გრეიამ ბელი წლების განმავლობაში მუშაობდა. თავდაპირველი ჩანაფიქრით, აპარატს ერთი კაბელის მეშვეობით რამდენიმე ტელეგრამა ერთდროულად უნდა გაეგზავნა.
ალექსანდერ გრეიამ ბელის მიერ 1876 წელს შექმნილი ტელეფონის ესკიზი.
ფოტო: Library of Congress
თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს იდეა მხოლოდ ბელს არ მოსვლია — პარალელურად, მსგავს პროექტზე ამერიკელი ელექტროინჟინერი, ელიშა გრეიც მუშაობდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ 1876 წლის 14 თებერვალს, ორივე მათგანმა საპატენტო განაცხადი სულ რაღაც ერთსაათიანი ინტერვალით წარადგინა. ამ ამბავს ბელსა და მის ვაშინგტონელ აგენტს შორის დაუსრულებელი მიმოწერა მოჰყვა — ისინი ყველანაირად ცდილობდნენ დაეზუსტებინათ, რომ ალექსანდერ გრეიამ ბელის განაცხადი კონკურენტისას არ დამთხვეოდა.
ბელმა პატენტი (US174465A) საბოლოოდ 7 მარტს ოფიციალურად მიიღო. სულ რაღაც სამ დღეში კი, ისტორიული ცხრა სიტყვის წარმოთქმით, მან სამყარო სამუდამოდ შეცვალა. ელიშა გრეიმ საპატენტო განაცხადი გააუქმა, სასამართლოში ბელის პატენტის გასაჩივრების მისი შემდგომი მცდელობები კი მარცხით დასრულდა.
როგორ მუშაობდა ბელის ტელეფონი?
ამ ახალი ტექნოლოგიის მთავარი პრინციპი ის იყო, რომ ადამიანის ხმის მიერ წარმოქმნილი აკუსტიკური რხევები ელექტრონულ რხევებად გარდაექმნა, რომელთა გადაცემაც ტელეგრაფის კაბელით გახდებოდა შესაძლებელი. (იმ დროისთვის წყალქვეშა კაბელები უკვე აკავშირებდა ირლანდიას ჩრდილოეთ ამერიკასთან, ინგლისს კი — ევროპასთან).
ბელმა და მისმა ასისტენტმა უოტსონმა მანამდე უკვე დაამტკიცეს, რომ მუსიკალური ნოტების მსგავსი რთული ბგერების ელექტრულად გადაცემა შესაძლებელი იყო. 1875 წელს მათ შექმნეს გადამცემი, რომელიც დაჭიმული პერგამენტისგან იყო დამზადებული. მასზე მიმაგრებული იყო დამაგნიტებული რკინის ნაჭერი, რომელსაც ელექტრომაგნიტის პოლუსებს შორის მოძრაობა შეეძლო. ბგერა პერგამენტის რხევას იწვევდა, რაც რკინის ნაჭერს ელექტრომაგნიტის პოლუსებს შორის წინ და უკან ამოძრავებდა. ასე იქმნებოდა ცვალებადი რხევის დენი, რომელიც კაბელის მეორე ბოლოში მსგავსი აპარატის საშუალებით ისევ ბგერად იქცეოდა.
ალექსანდერ გრეიამ ბელის ტელეფონს ჰქონდა გადამცემი, რომელიც დოლივით გადაჭიმული პერგამენტისგან იყო დამზადებული.
ფოტო: Everett Collection/Shutterstock
სწორედ ეს ტექნოლოგია დააპატენტა ბელმა 1876 წლის 7 მარტს. თუმცა სამი დღის შემდეგ, თავის პირველ დემონსტრაციაზე, მას ეს ტექნოლოგია არ გამოუყენებია. რეალურად, მისი სიტყვები “თხევადი გადამცემის” საშუალებით გადაიცა, რომელიც ელექტროგამტარი მჟავე წყლით იყო სავსე.
ეს მოწყობილობა ძალიან ჰგავდა იმ აპარატებს, რომლებსაც ელიშა გრეი იყენებდა. ამ ფაქტის გახმაურებამ დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და მოგვიანებით გრეის მხრიდან ბელის პატენტის გასაჩივრების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა. დღემდე არსებობს მოსაზრება, რომ ტელეფონის ნამდვილი გამომგონებელი არა ბელი, არამედ სწორედ ელიშა გრეი იყო.
ბელს თავის ექსპერიმენტებში თხევადი გადამცემი აღარ გამოუყენებია — ძნელი წარმოსადგენი იყო, როგორ უნდა ექციათ ასეთი მოწყობილობა კომერციულ პროდუქტად. დემონსტრაციიდან პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ტელეფონის მომავალი საერთოდ არავის აინტერესებდა და პროექტიც ჩიხში იყო შესული.
ყველა თანხმდებოდა, რომ ეს საოცარი და გენიალური მოწყობილობა იყო, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უპასუხოდ რჩებოდა — კონკრეტულად რაში უნდა გამოეყენებინათ? ცხადია, ის ტელეგრაფს კონკურენციას ვერ უწევდა. ან ბოლოს და ბოლოს, ვისთვის უნდა დაერეკათ?
გაყიდვების ოსტატი და ნამდვილი შოუმენი
1876 წელს, როდესაც ბელმა ფილადელფიაში -ის დამოუკიდებლობის 100 წლისადმი მიძღვნილ გამოფენაზე თავისი ახალი მოწყობილობა წარადგინა, ის სხვა ექსპონატებს შორის შეუმჩნეველი დარჩა. თუმცა, ამბობენ, რომ ბრაზილიის იმპერატორმა ტელეფონის დანახვისას წამოიძახა: “ღმერთო ჩემო, ის ლაპარაკობს!”.
მიუხედავად ამისა, ორმა გავლენიანმა მეცნიერმა, ჯოზეფ ჰენრიმ და უილიამ ტომსონმა, ბელს გამოფენის პრესტიჟული მედალი მაინც გადასცეს. წარმოშობით ირლანდიელი ტომსონი — პირველი მეცნიერი, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში ლორდ კელვინის სახელით მოხვდა — მოგვიანებით სამშობლოში კოლეგებს ასე უყვებოდა: “ამერიკაში ყველაზე გასაოცარი რამ ვნახე… ელექტრონული ტელეგრაფის ყველა საოცრებას შორის ყველაზე დიდებული მიღწევა ჩვენს ახალგაზრდა თანამემამულეს, მისტერ გრეიამ ბელს ეკუთვნის”.
ამასობაში ბელი საკუთარი გამოგონების პოპულარიზაციაზე აქტიურად მუშაობდა. იმ ეპოქის ყველა სხვა გამომგონებლის მსგავსად, მასაც ნამდვილი შოუმენის როლის მორგება უწევდა. 1877 წლის თებერვალში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სეილემში გამართული წარმოდგენისას, მან ტელეფონი ბოსტონში მყოფ თავის ასისტენტ უოტსონთან დასაკავშირებლად გამოიყენა. ხაზზე თავიდან მორზეს ანბანი მუსიკალური ნოტების სახით გაუშვეს, რასაც თვითმხილველების თქმით, “აუდიტორიის მქუხარე ტაში მოჰყვა”. შემდეგ კი ბოსტონში განთავსებულმა “სატელეფონო ორგანმა” სეილემში შეკრებილი აღფრთოვანებული პუბლიკისთვის ცნობილი მელოდიები — Auld Lang Syne და Yankee Doodle დაუკრა.
ლონდონში თეატრებს შორის სპეციალური სადენებიც კი გაიყვანეს, რათა “სატელეფონო კონცერტი” გაემართათ — ერთ შენობაში მყოფი მაყურებელი მეორეში შესრულებულ მუსიკას უსმენდა.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ფული სჭირდებოდა. ბელს ზურგს ძლიერი ინვესტორები უმაგრებდნენ, მათ შორის იყო მისი მომავალი სიმამრი გარდინერ გრინ ჰუბარდი — მდიდარი ამერიკელი იურისტი, ფინანსისტი და National Geographic-ის დამფუძნებელი. 1877 წელს ინვესტორებმა ბელის საპატენტო ასოციაცია სააქციო საზოგადოებად გარდაქმნეს და ბელის სატელეფონო კომპანია დააფუძნეს, რათა გამოგონების კომერციული პოტენციალი სრულად აეთვისებინათ.
ალექსანდერ გრეიამ ბელი და მისი მეუღლე, მეიბელ ჰუბარდი, 1898 წელს კანადაში დასასვენებლად.
ფოტო: Everett Collection/Shutterstock
მალე კომპანიამ ბელის ნახაზების მიხედვით სატელეფონო აპარატების წარმოება დაიწყო, ორი წლის შემდეგ კი ბელის საერთაშორისო სატელეფონო კომპანია დააფუძნეს, რათა პროდუქცია ევროპულ ბაზარზეც გაეტანათ. 1885 წელს ამ გაერთიანებას სახელი შეეცვალა და American Telephone and Telegraph Company დაერქვა — კომპანია, რომელსაც დღეს მსოფლიო AT&T-ის სახელით იცნობს. პირად წარმატებას რაც შეეხება, ბელმა ამ გამოგონებით უზარმაზარი ქონება დააგროვა, მისი მეტოქე ელიშა გრეი კი ისტორიამ თითქმის დაივიწყა.
მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის ტელეფონი უკვე ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. -სა და ევროპაში ის შეძლებული საშუალო ფენის ოჯახებისთვის აუცილებელ ნივთად, ბიზნესმენებისთვის კი უმნიშვნელოვანეს სამუშაო იარაღად იქცა. ამასთანავე, ტელეფონი იმ ინოვაციური იდეებისა და გამოგონებების განუყოფელ ნაწილი გახდა, რომელთა დახმარებითაც ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს მცხოვრები ვიქტორიანული ეპოქის ადამიანები მომავლის ტექნოლოგიურ სამყაროს წარმოიდგენდნენ.