პირველი მასშტაბური ვისკის ფესტივალი – რას სთავაზობენ ორგანიზატორები სტუმრებს

21-22 სექტემბერს, თბილისი პირველ მასშტაბურ ვისკის ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიებას კომპანია ,,Whisky Days” მართავს. იდეა მას შემდეგ დაიბადა, რაც ქვეყანაში ვისკის მოყვარეულთა რაოდენობა გაიზარდა. ისინი რამდენიმე კლუბში გაერთიანდნენ და პერიოდულად შეხვედრებს მართვანე, სადაც ვისკის აგემოვნებენ.
პირველი ვისკის ფესტივალის დეტალებზე, კომპანია ,,Whisky Days”-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვლადიმერ თიბილაშვილმა გადაცემა „კომერსანტის დილაში“ ისაუბრა.
,,ასეთ ფესტივალებზე ჩვენ უცხოეთში დავდიოდით. ყოველთვის გვიწევდა საზღვარგარეთ წასვლა და იქ ახალი რელიზების დაგემოვნება და სიახლეების გაცნობა. იდეა მე და ჩემს პარტნიორს ელგუჯა ქარუმიძეს გვეკუთნის. დაგვებადა იდეა, რომ საქართველოში ჩამოგვეტანა ვისკის ფესტივალის კულტურა და დავაფუძნეთ კომპანია ,, Whisky Day”, რომელიც აორგანიზებს ამ ყველაფერს.”- აცხადებს ,,კომერსანტთან” საუბარში ვლადიმერ თიბილაშვილი.
ფესტივალს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონი უმასპინძლებს. ღონისძიება გარდა იმისა, რომ წელს პირველად ტარდება, მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
,,ჩვენს სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ აღმოაჩინონ ვისკის 300-მდე სახეობა. ისეთი სახეობის ვისკები, რომლებიც საქართველოში ჯერჯერობით არ შემოდის და მხოლოდ ჩვენს ფესტივალზე შეძლებენ დააგემოვნონ. ვისკის მოყვარელებს ექნებათ უამრავი აქტივობა. იქნება საჩუქრები, ცოცხალი მუსიკა და ბევრი ისეთი აქტივობა რაც დაუვიწყარს გახდის ამ დღეს.”- აცხადებს ვლადიმერ თიბილაშვილი.
ფესტივალის გენერალური სპონსორია “GD Alco”, ხოლო სპონსორები “ვისკის სახლი” და “სმაგლერსი” არიან. ექსკლუზიური მხარდამჭერია ”Intrade”.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ექსკლუზიურად ფესტივალისთვის ჩამოსხმული ქართული, 12 წლიანი დაძველების ვისკი “Jimsher”-ი, რომელიც ადგილობრივი ვისკის მწარმოებელმა კომპანიამ „ქართველი” ჩამოასხა. ღონისძიებაზე ექსკლუზიური სასმელის ერთი ბოთლი აუქციონზე გაიყიდება.
ფესტივალისთვის ასევე ექსკლუზიურად შეიქმნა უგემრიელესი შოკოლადები ტორფირებული ვისკის შიგთავსით, რომლის შექმნაზეც კომპანია “ChiriFruit”- მა იზრუნა.
ფესტივალი სიგარისა და ლუდის მოყვარულებისთვისაც საინტერესო და მიმზიდველია, რადგან ორგანიზატორებმა მათზეც იზრუნეს. კომპანია “Havana Club Tbilisi” ღონისძიებაზე საუკეთესო კუბურ სიგარებს წარადგენს.
,,ფესტივალზე შესვლის დროს სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ ორიგინალი ვისკის სადეგუსტაციო ჭიქა და 4 ცალი ჟეტონი, რომლის საშუალებითაც შეძლებენ რამდენიმე სახეობის ვისკის გასინჯვას. ასევე იქნება დამატებით ჟეტონების შეძენის საშუალება და იმდენს დააგემოვნებენ, რამდენიც მოესურვებათ. ფესტივალს დაესწრებიან ,,პერნო რიკარდ”-ის გლობალ ამბასადორები და ასევე ,,პერნო რიკარდ”-ში შემავალი კომპანია ,,ფოუროსის“ პრეზიდენტი, რომლებიც თავის მოხსენებასთან ერთად ჩაატარებენ მასტერკლასებს და სტუმრებს სტენდებთან მათთან გასაუბრების შესაძლებლობა ექნებათ“, – აცხადებს ვლადიმერ თიბილაშვილი.
ფესტივალს ასევე ჰყავს ექსკლუზიური პარტნიორი „თეთრი კვადრატი” რომელიც სტუმრებს ახალი პროექტების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს.
ფესტივალს სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „“ გააფორმებს. შესრულდება ქართულ-ირლანდიური ცეკვები. ევროპიდან მოწვეული „კილტის საზოგადოება” ტრადიციულ საკრავებზე შოტლანდიურ ფოლკლორს შეასრულებს. საქსოფონისტი დათო დავითულიანის კი ულამაზეს კომპოზიციებს შესთავაზებს სტუმრებს.
კომპანია ,,Whisky Days”-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ვლადიმერ თიბილაშვილი აღნიშნავს, რომ ვისკის მოყვარულთა რაოდენობა და მათი ცნობიერება წლიდან წლამდე იზრდება.
,,ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 5 წელიწადი ძალიან გაიზარდა თვითონ ვისკის მოყვარული ხალხი. იზრდება მათი ჩართულობა ანუ პროფესიონალიზმი. იწყებენ ვისკის გარჩევას, რაც 5 წლის უკან ალბათ საერთოდ არ ხდებოდა. ხშირად გვაქვს ივენთები, სადაც ვაგემოვნებს სხვადასხვა ვისკის. შემდეგ განხილვები იმართება როგორც ადგილზე, ასევე სოციალურ ქსელებშიც.”- აცხადებს ,,კომერსანტთან“ საუბარში ვლადიმერ თიბილაშვილი.
კომპანია გაჩერებას არ აპირებს. უკვე დაგეგმილია შემდეგი ფესტივალი, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება და ბევრად მასშტაბური იქნება. ,,Whisky Days”-ში აცხადებენ, რომ ფესტივალები მომავალში წელიწადში ორჯერ – შემოდგომასა და გაზაფხულზე ჩატარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საზოგადოების ინტერესი ფესტივალის მიმართ დიდია და ბილეთები აქტიურად იყიდება. მსურველებს შეუძლიათ ერთდღიანი და ორდღიანი ბილეთების შეძენა.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.