პირველი მაისიდან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე სესხის გადატანისას წინსწრებით დაფარვის საკომისიო 2-დან 0.5 პროცენტამდე შემცირდა

სესხის ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიო მცირდება და მისი მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 0.5 პროცენტით, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლაშა გზირიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ერთი ფინანსური ინსტიტუტიდან მეორეში სესხის პორტირების შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიო 2% იყო, პირველი მაისიდან კი 0.5 პროცენტამდე შემცირდა, თუმცა სიახლე მხოლოდ ახალ ხელშეკრულებებს ეხება, ანუ იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც პირველი მაისის შემდეგ გაფორმდება.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შევიდა ცვლილებები, რომელიც ამოქმედდა პირველი მაისიდან. ამ ცვლილებების მიხედვით, სესხის ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიო მცირდება და მისი მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 0.5 პროცენტით. ეს ცვლილება ეხება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. ოღონდ იურიდიულ პირებს ორ მლნ ლარამდე ჯამური დავალიანების შემთხვევაში. ეს ხელს შეუწყობს, ზოგადად, კონკურენციას, ანუ მომხმარებლებს შეეძლებათ, უფრო მარტივად გადაიტანონ სესხი ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში, ნაკლები დანახარჯით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქამდე წინსწრებით დაფარვის საკომისიო საერთოდ არ იყო განსაზღვრული დოკუმენტური ოპერაციებისთვის, როგორებიც არის საბანკო გარანტია, კრედიტები და ა.შ. ამ შემთხვევაში ესეც დაწესდა. მაქსიმალური ზღვარი წინსწრებით საკომისიოსი დოკუმენტური ოპერაციების შემთხვევაში განისაზღვრა ორი პროცენტით, თუმცა აქაც ფიზიკური პირების შემთხვევაში, და იურიდიული პირების შემთხვევაში, რომელთა ჯამური დავალიანება არ აღემატება ორ მლნ ლარს, აქაც 0.5 პროცენტი იქნება. აქაც, ისევე, როგორც სესხების შემთხვევაში, ეს ცვლილება ხელს შეუწყობს მეტ კონკურენციას და მომხმარებლისთვის ნაკლებ დანახარჯს, როდესაც სესხის გადატანა უნდა ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში. ეს ეხება ნებისმიერი ტიპის სესხს. რეფინანსირება ამ შემთხვევაში გამოიყენება ტერმინად, როდესაც ერთი ორგანიზაციიდან მეორეში გადაგვაქვს სესხი. ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ცვლილებები ეხება პირველი მაისიდან გაფორმებულ ხელშეკრულებებს. ანუ ახალი ხელშეკრულებები, რომლებიც გაფორმდება, ამ ხელშეკრულებების რეფინანსირების შემთხვევაში, ანუ ერთი ფინანსური ინსტიტუტიდან მეორეში გადატანის შემთხვევაში იმოქმედებს უკვე შემცირებული წინსწრებით დაფარვის საკომისიო“, – აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან ლაშა გზირიშვილმა.
ეროვნული ბანკის წარმომადგენლის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას.
„ზუსტად ეს არის მიზანი, რომ როდესაც მომხმარებელს აქვს უკეთესი შემოთავაზება, მაგალითად, სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან, სესხის გადატანის შემთხვევაში აქამდე თუ უწევდა ორი პროცენტის გადახდა, ახლა შეუძლია, გადაიხადოს მხოლოდ 0.5 პროცენტი. ეს შეეხება ახალ ხელშეკრულებებს, რომლებიც პირველი მაისიდან გამოფორმდება“, – განაცხადა გზირიშვილმა.
პირველი არხი