საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ფლეი ოფის პირველი ეტაპი წყალტუბოს ‘დინოზავრმა' და ფოთის ‘ფოთმა' გადალახეს.
ზღვისპირელებმა, რომლებმაც რეგულარული გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულეს, „პარკი არენაზე“ მარნეულის ‘არმაზი' მიიღეს, დიდი ანგარიშით, 65:7 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
მე-4 ადგილზე გასულმა ბოლნისის ‘ყოჩებმა' საკუთარ მოედანზე წყალტუბოს ‘დინოზავრი' მიიღო. დაძაბული შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 35:24 და crocobet დიდი 10-ის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
მეორე ეტაპიდან ბრძოლაში პირველი ლიგის ლიდერებიც ჩაერთვებიან. 28 მარტს პატარძეულის ‘ვეფხვები' თბილისის ‘ლოკომოტივს' ვაზისუბანში 15 საათზე დაუხვდება და გამარჯვებული დიდი ფინალის საგზურს მიიღებს, ხოლო დამარცხებული წინასწარ ფინალში გადაინაცვლებს და ‘ფოთსა' და ‘დინოზავრს' შორის გამარჯვებულს დაელოდება. ეს შეხვედრა ფოთის „პარკი არენაზე“ 30 მარტს გაიმართება.
28 მარტს გაიმართება პირველ ლიგაში ასვლა/დარჩენის პირველი შეხვედრა. რეგიონული ლიგის მეორეადგილოსანი, გარდაბნის ‘ქვემო ქართლი' სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს' (პირველი ლიგის მე-9 ადგილოსანი) „ლოკომოტივის ბაზაზე“ 15 საათზე დაუხვდება. განმეორებითი შეხვედრა 4 ან 5 აპრილს შედგება.
Rugby.ge