პირველი არხი: სამეურვეო საბჭოს წევრთა შეფასებებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი

პირველი არხის განცხადებით, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნება „მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ, გარედან ჩართული სხვა სტრუქტურების გარეშე“.
პირველი არხის აღნიშნული განცხადება მოჰყვა კრიტიკას სამეურვეო საბჭოს სხდომის შემდეგ, როდესაც საბჭოს წევრებმა პროკურატურისგან მოითხოვეს, გამოძიებული იქნას პირველი არხის კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების მიერ საზმაუს „უსაფუძვლოდ დადანაშაულების“ ფაქტები.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლების (საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები – GPB Guardians) მცირე ნაწილის მხრიდან, რომლებიც უერთდებიან მაუწყებლის წინ მიმდინარე პროტესტს, არაერთხელ დაირღვა შრომითი ხელშეკრულების პირობები, ასევე მაუწყებლის შრომის შინაგანაწესი, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია. მათ მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებები იწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ცრუ ბრალდებების ტირაჟირებას და მედიაორგანიზაციის იმიჯის, ნდობის დაზიანებას, რაც ვერ დარჩება რეაგირების გარეშე. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. ორგანიზაციაში არსებობს ორი ხელმძღვანელი ორგანო – სამეურვეო საბჭო და გენერალური დირექტორი. სამეურვეო საბჭო სამუშაო შეხვედრაზე გაეცნო იურიდიული სამსახურის მიერ წარმოებულ მოკვლევის შედეგებს, სადაც არ გამოიკვეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების ფაქტობრივი გარემოებები და საფუძვლები, ხოლო სამეურვეო საბჭოს წევრთა მიერ გამოთქმულ შეფასებებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი“, — ნათქვამია განცხადებაში.
21 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ცალკეულმა წევრებმა იმსჯელეს მათი ჟურნალისტების – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაიშვილის – კრიტიკულ განცხადებებზე. საბჭოს წევრებმა, მათ შორის თავმჯდომარემ მ, გია მურღულიამ, გიორგი კოხრეიძემ, თამილა დოლიძემ, ბონდო მძინარაშვილმა, იზაბელა ოსიპოვამ, გიორგი იაკობაშვილმა და სოსო სტურუამ, პროკურატურის ჩართულობა და აღნიშნული ჟურნალისტების მიერ საზმაუს „უსაფუძვლოდ დადანაშაულების” ფაქტების შესწავლა მოითხოვეს.
„ვიღაცამ ფული აიღო თუ პოლიტიკური სურვილი გამოხატა, ეს უნდა იქნეს გამოკვლეული”, – აღნიშნა ვასიკო მაღლაფერიძემ.
გია მურღულიამ დასვა კითხვა, სავარაუდოდ „გაწერილი სცენარი“ ხომ არ სცილდება მათ კომპეტენციას და უნდა გაირკვეს: ვინ მოქმედებდა, რა მიზნებით, რა მეთოდებით. ბორდის კიდევ ერთი წევრი თამილა დოლიძე კიდევ უფრო შორს წავიდა და თქვა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ყველაფერში ჩარეულია მასონური ლოჟაა.
„დედას გეფიცებით”, – განაცხადა დოლიძემ.
ამ თემაზე: