საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროკომისიის ანგარიშში არხის მიმართ შეტანილ კრიტიკულ ნაწილს ეხმაურება.
პირველ არხში ირწმუნებიან, რომ დამოუკიდებლად და “ჟურნალისტური ეთიკის უმაღლესი სტანდარტების დაცვით” მუშაობენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს პოლიტიკური მიკერძოება და სარედაქციო გადაწყვეტილებები მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად მიიღება.
არხის თქმით, ამგვარი “ბრალდებები” მისი რეპუტაციის შელახვას ემსახურება.
“საზოგადოებრივი მაუწყებელი მოქმედებს დამოუკიდებლად, კანონით დადგენილი მანდატისა და ჟურნალისტური ეთიკის უმაღლესი სტანდარტების დაცვით.
მაუწყებელს არ გააჩნია არც პოლიტიკური მიკერძოება და არც რომელიმე ძალასთან დაკავშირებული ინტერესები – ყველა სარედაქციო გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის პრინციპს.
განსხვავებული მოსაზრებების წარდგენა, ბალანსის დაცვა და მრავალფეროვანი პოზიციების ასახვა არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის საფუძველი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ბრალდებები მიზნად ისახავს მაუწყებლის რეპუტაციის შელახვას და საზოგადოებრივი ნდობის დაზიანებას.
საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ეუთო/ოდირი, თავიანთ ანგარიშებში მიუთითებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ნეიტრალური გაშუქების შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი საქმიანობის ობიექტურობასა და პროფესიონალიზმს.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის ემსახურებოდა და მომავალშიც მოემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს — საზოგადოების ინტერესის დაცვასა და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას.
გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, “საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლობას აკლია დამოუკიდებლობა, აქვს მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა და ხელს უწყობს ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკის პოპულარიზაციას”, – აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
ცნობისთვის, ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშში წერია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პირველმა არხმა “ოცნების” კანდიდატებს არაპროპროპორციულად მეტი საერთერო დრო (61%) გამოუყო.
ასევე ხაზგასმულია, რომ მიმდინარე წლის აპრილში ქართული ოცნების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, ვასილ მაღლაფერიძე, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდეობობაზე აირჩიეს.
ევროკომისიის ანგარიშში ასევე ნახსენებია საზოგადოებრივი მაუწყებლიდან კრიტიკული აზრის მქონე ჟურნალისტების გათავისუფლებაც.
დღეს ევროპის კომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს EU-სთან ინტეგრაციის პროცესის საფუძვლები ბოლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დასუსტდა.
მასში საუბარია დემოკრატიის, მართლმსაჯულების, მედია-პლურალიზმისა და სამოქალაქო ცხოვრების სფეროებში არსებულ პრობლემებზე.




