ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საქპატენტის თავმჯდომარის, სოსო გიორგაძისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი ხუბუას შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სწავლების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის დანერგვის საკითხი განიხილეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ „საქპატენტის” თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ჩიქოვანი და ასისტენტ-პროფესორი გვანცა გუგეშაშვილი.
„ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), “საქპატენტისა” და KIU-ს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა იქნება, რომელიც მიზნად ისახავს სამაგისტრო დონეზე ინტელექტუალური საკუთრების განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას, ინტელექტუალური საკუთრების უმაღლესი განათლების მაღალ საფეხურზე მხარდაჭერასა და რეგიონში ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბებას, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან პროგრამა განსაზღვრულია, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის.
პროგრამის დანერგვის შესახებ მოლაპარაკებები “საქპატენტის” ინიციატივით მიმდინარეობს, სადაც პარტნიორი ორგანიზაციების, კერძოდ, WIPO-ს აკადემიის და KIU-ს თანამონაწილეობითა და აქტიური ჩართულობით მზადდება პროგრამის განხორციელების იურიდიული საფუძველი – სამმხრივი მემორანდუმი, რომლის ხელმოწერა იგეგმება პროგრამის კურიკულუმის დასრულებისა და აკრედიტაციის მოპოვების შემდეგ, პროგრამაზე მსურველთა მიღების გამოცხადებამდე.
საგანმანათლებლო პოლიტიკა „საქპატენტისთვის“ პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების სწრაფი განვითარებისა და დარგში პროფესიონალების რიცხვის ზრდის გარანტია. ამ მიზნის მისაღწევად „საქპატენტის” სასწავლო ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა მიზნობრივი აუდიტორიისთვის განსაზღვრულ კურსებს, ტრენინგებსა თუ სემინარებს და ზრუნავს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. „საქპატენტისა“ და მისი სასწავლო ცენტრის ხედვა კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს იღებს, რაც ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, მიზნობრივი ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული და ხელშესახებ შედეგზე ორიენტირებული სამაგისტრო პროგრამის დანერგვის ინიციატივაში გამოიხატა. ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მიღებული აკადემიური ცოდნა და ამ მიმართულების მუდმივი განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნესგარემოს შექმნასა და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.
„საქპატენტის” მისია თანხვედრაშია WIPO-ს აკადემიისა და KIU-ს მიზნებთან მოახდინოს სამაგისტრო საფეხურის სწავლების პროგრამის ქუთაისის უნივერსიტეტთან აფილირება, რომელიც დააკმაყოფილებს თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად დაეხმარება ამ სფეროში კადრების გადამზადებას, დარგის განვითარებასა და, ზოგადად, ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
აღსანიშნავია, რომ საუნივერსიტეტო პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, WIPO-ს აკადემია ინტელექტუალური საკუთრების ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს ახორციელებს საუკეთესო რეპუტაციის მქონე 18 უნივერსიტეტთან მსოფლიოს 17 სხვადასხვა ქვეყანაში (არგენტინა, ბულგარეთი, კამერუნი, ჩინეთი, იტალია, ინდოეთი, ყაზახეთი, მაროკო, ომანი, ფილიპინები, პოლონეთი, კორეის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი, სინგაპური, ესპანეთი, თურქეთი და ზიმბაბვე).
პროგრამის ფარგლებში, WIPO-ს აკადემიის მხარდაჭერა გამოიხატება კურიკულუმების შემუშავებითა და ასევე, სწავლების პროცესის უზრუნველყოფით ინტელექტუალური საკუთრების სახელმძღვანელო და საცნობარო მასალებით. გარდა ამისა, სწავლებაში ჩაერთვებიან WIPO-ს აკადემიის ორგანიზებით მოწვეული ექსპერტები. აღსანიშნავია, რომ აკადემიის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები ხელმისაწვდომი იქნება 5 სხვადასხვა ენაზე (არაბული, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური), რომლის შერჩევა უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით მოხდება. საქართველოში განსახორციელებელი სასწავლო გეგმები ერთობლივად შემუშავდება WIPO-ს აკადემიისა და უშუალოდ პარტნიორი უნივერსიტეტის – KIU-ს მიერ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა WIPO-ს აკადემიის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებზე, რომლებიც სპეციალიზებულია ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა სფეროზე, საგნის წმინდა იურიდიული ასპექტებიდან ისეთ სამეწარმეო უნარებამდე, როგორებიცაა: ინტელექტუალური საკუთრების მართვა, კომერციული საწარმოს მართვა და გამოყენებითი კვლევები ინტელექტუალური საკუთრების თემატიკის მიხედვით. აღნიშნული მიმართულებები ხორციელდება ბიზნესის, ეკონომიკური და სოციალური სფეროების განვითარების მხარდასაჭერად.
პროგრამის დაწყების საორიენტაციო პერიოდია 2025 წელი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.