პირველად დაფიქსირდა ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის სიღარიბის დაძლევა და სწრაფი ტემპით მივიწევთ წინ ამ კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.
მისივე თქმით, 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობა 1 100 000-ს აღემატებოდა, ახლა კი 350 000-ზე ნაკლები ადამიანია სიღარიბის ზღვარს მიღმა.
პრემიერის განცხადებით, 2028 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 4%-იან ნიშნულს უნდა ჩამოსცდეს და არსებული ტემპით ეს ყველაფერი მიღწევადია.
„ეს მაჩვენებელი არის, პირველ რიგში, ძალიან სასიხარულო. გარკვეული პროგნოზები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტემპით შემცირდებოდა საქართველოში სიღარიბე და ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციების, ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებულ პროგნოზებს რამდენჯერმე ვასწრებთ. მარტო ამ ერთი წლის განმავლობაში, 2023-დან 2024 წლამდე 2.4 %-ით შემცირდა სიღარიბე საქართველოში, მაჩვენებელი იყო 11.8 % და ჩამოსულია 9.4%-მდე.
2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობა აღემატებოდა 1 100 000-ს, ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობის“ მედიის ინფორმაციით, ყვაოდა საქართველო, 1 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა და ეს მაჩვენებელი არის 350 000-ზე ქვემოთ ჩამოსული. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის სიღარიბის დაძლევა და სწრაფი ტემპით მივიწევთ წინ ამ კუთხით. პირველად დაფიქსირდა ჩვენს ქვეყანაში ერთნიშნა სიღარიბის მაჩვენებელი, პირველად, გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ, ამას სჭირდება ეკონომიკის შემდგომი ზრდა. 1 100 000-დან უკვე ჩამოვცდით 350 000-ს, ჩვენი პროგრამული მიზანი 2028 წლისთვის არის ის, რომ ჩამოვცდეთ 4%-იან ნიშნულს და ვფიქრობთ, რომ ამ ტემპით ეს აბსოლუტურად მიღწევადია,“- განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს
