კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით არსებობს მხარეებს შორის გარკვეული საკითხები, რასაც დარეგულირება სჭირდება. ამასთან, bm.ge-მ ირაკლი ლექვინაძეს ჰკითხა, ხომ არ განახლდება პარლამენტში სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტის განხილვის საკითხი.
„ჩვენ ვთვლით, რომ მხარეებს შორის არის გარკვეული საკითხები, რასაც დარეგულირება სჭირდება. კანონპროექტის მომზადებაში ვიყავით ჩართული, პროცესი გრძელდება და დაველოდოთ, საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, იქნება შესაბამისად წარმოდგენილი“, – განაცხადა ლექვინაძემ.
ბაზარზე ფასების მხრივ არსებულ ვითარებაზე საუბრისას კი, ლექვინაძემ აღნიშნა, რომ მონიტორინგი მიმდინარეობს, თუმცა რაიმე კონკრეტული დარღვევები გამოვლენილი არ არის.
„ფასნამატების ნაწილი არაერთხელ იყო ჩვენი ყურადღების ქვეშ, გასულ წელს განსაკუთრებით. წელს მონიტორინგის ფარგლებში ვაკვირდებით პირველადი მოხმარების პროდუქტებს და მათ დინამიკას. ჩვენ ვიცით გარკვეული დისკუსიის შესახებ, რომელიც არსებობს იმპორტიორებს, დისტრიბუტორებს და რიტეილერებს შორის, იქ არის რიგი საკითხები, რომელიც ჩვენი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა. პირველადი მოხმარების პროდუქტებზე გარკვეულ დაკვირვებას ვახორციელებთ.
პროდუქტებზე ბაზრის შეფასების და დაკვირვების მონიტორინგი მიმდინარეობს ყოველთვის. ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული დარღვევა არ არის, გავეცით რამდენიმე რეკომენდაცია, რაც გულისხმობს ვაჭრობის სამართლიანი პირობების შესახებ კონკრეტული რეგულაციის შემოღებას, რამაც უნდა დააბალანსოს პრობლემური საკითხები იმპორტიორებს, დისტრიბუტორებს და რიტეილ ქსელებს შორის“, – განაცხადა ლექვინაძემ.