თბილისში, შარტავას ქუჩის #41-ში მოსახლეობა ახალ მშენებლობას აპროტესტებს. ადგილზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ტელეწამყვანმა ირინა ტორონჯაძემ სოციალური ქსელით გაავრცელა ფოტომასალა, რომელიც მშენებლობის პროცესს ასახავს.
როგორც ირინა ტორონჯაძე აცხადებს, ადგილი აქვს სამშენებლო ნორმის დარღვევას, რომელიც გულისხმობს, რომ არსებული შენობის ჯებირსა და ახალ მშენებლობას შორის მანძილი 5 მ უნდა იყოს, რაც დარღვეულია და სამუშაოები ჯებირის მიჯნაზე მიმდინარეობს.
„აი ასე, პირდაპირ ჩვენს ღობეზეა მშენებლობა დაწყებული; კი საბუთები აქვთ და „კანონიერია”, მაგრამ ასეთ დარღვევებზე თვალს ხუჭავენ მათ შორის ე.წ. ზედამხედველობაც“, – წერს ირინა ტორონჯაძე „ფეისბუკზე“.
აღნიშნულთან დაკავშირებით „კომერსანტი“ თბილისის მერიის მუნიციპალურ სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ მოსახლეობის მხრიდან შეტყობინება ნამდვილად შევიდა, რის შემდეგადაც მოხდა შემოწმება და პროექტთან შეუსაბამობა არ დადასტურდა.
„აღნიშნულზე იყო გამოძახება. ჩვენმა ჯგუფმა შეამოწმა და არ დადასტურდა პროექტის დარღვევა“, – აცხადებენ თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში.
„კომერსანტი“ მშენებლობის დეტალების შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში არკვევს.