საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) შეფასებით, “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული კანონპპროექტები ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას.
საუბარია გრანტების შესახებ კანონსა და იურიდიული დახმარების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლებსაც “ოცნების” პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე კვირის ბოლომდე მიიღებს.
“წარმოდგენილი ცვლილებები წარმოადგენს ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის შეზღუდვის და როლის დაკნინების საფრთხეს. ორივე კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და გაეროს და ევროსაბჭოს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც გაწერილია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებში. დაუშვებელია ადვოკატის მიერ პროფესიული იურიდიული მომსახურების გაწევისთვის მიღებული ჰონორარის გათანაბრება უცხოურ დაფინანსებასთან და, შესამაბისად, დასჯად ქმედებად განსაზღვრა”, – წერია სიფას განცხადებაში.
რაც შეეხება იურიდიული სამსახურის შესახებ კანონში დაგგემილ ცვლილებებს, სიფას შეფასებით, ინიციატივა ზღუდავს სამსახურის დამოუკიდებლობას.
“იურიდიული დახმარების სამსახური და თითოეული საზოგადოებრივი ადვოკატი პროფესიულად ახორციელებს მოქალაქის დაცვის უფლებას და ამით ხელს უწყობს სამართლიანი სასამართლოს პროცესის უზრუნვეყოფას. სამსახურის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დაქვემდებარება წარმოადგენს გაეროს 2012 წლის სახელმძღვანელო პრინციპების (UN Principles on Legal Aid) უგულებელყოფას, სადაც განსაზღვრულია, რომ იურიდიული დახმარების სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი მთავრობის ზედმეტი ჩარევისგან, რათა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი სახელმწიფოსთან. აქვე აღსანიშნავია, რომ სამსახურის დირექტორის დაცულობის გარანტიები უქმდება. მისი გათავისუფლება შესაძლებელი ხდება პოლიტიკური ნების საფუძველზე, რაც სამსახურს აქცევს აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატად”, – აცხადებენ სიფა-ში.
ასოციაცია აკრიტიკებს “ოცნების” კანონპროექტის იმ ნაწილსაც, რომლის მიხედვითაც იურიდიული სამსახურის საბჭოში მცირდება ადვოკატთა ასოციაციის კვოტა. სიფა აკრიტიკებს საბჭოში გენერალური პროკურორის შეყვანასაც. აღსანიშავია, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორის საბჭოში შეყვანის იდეას შეეწინააღმდეგა “ქართული ოცნების” დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია.




