პირდაპირი კონტრაქტებისთვის 4 გვტ სიმძლავრის მზის სადგურების პროექტებია წარდგენილი – ასოციაცია

ენერგოპროექტების განხორციელებით დაინტერესებული პირები, რომელიც დააკმაყოფილებენ წინასწარ განსაზღვრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს, აუქციონის გარეშე, სახელმწიფოსთან პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად პროექტების განსახორციელებლად ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფიქსირებულ ტარიფს მიიღებენ.
ეკონომიკის სამინისტროსთვის შესაბამისი განაცხადით მზის, ქარის და ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ინვესტორებს 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მიემართათ, თუმცა აღნიშნული ვადა 28 თებერვლამდე გახანგრძლივდა.
საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებლის თორნიკე დარჯანიას ინფორმაციით, დამატებითი დროის მიცემა პოტენციური ინვესტორებისთვის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე გახდა აუცილებელი.
“ძალიან მაღალი იყო ინტერესი. იცით, რომ წინადადების წარდგენაზე გარანტიაც კი მოიხსნა იმის გამო, რომ საკმაოდ მაღალი ინტერესი იყო. შესაბამისად, 28 თებერვლამდე არის გადავადებული. ჩემი მონაცემებით, რაც გვაქვს სამინისტროდან და სხვადასხვა უწყებებიდან, დაახლოებით 4 გვტ სიმძლავრემდეა ანუ 4 ათას მეგავატ სიმძლავრემდეა წარდგენილი მხოლოდ მზის ელექტროსადგურებთან მიმართებით განაცხადები და ეს არის ძალიან დიდი სიმძლავრე ჩვენი სისტემისთვის.
ვინც განაცხადს აკეთებს, იმ დაშვებით მოქმედებს, რომ პროექტი განხორციელდეს, თუმცა პროექტების გადაყიდვაშიც ვერ ვხედავ პრობლემას იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული პერიოდი აქვს მიცემული ასაშენებლად, თუ არ აშენდება იმ ვადაში ჩამოერთმევათ მიცემული პირობა ტარიფის თაობაზე. ისე არ არის, რომ მიიღებ პირობას ტარიფზე და შემდგომ ამით ივაჭრებ უსასრულოდ. ეს დრო მზის სადგურებისთვის არის 3 წელი. მაგალითად, 50 მეგავატი სიმძლავრის სადგურის განხორციელებას 1,6-2 წლამდე პერიოდი სჭირდება. თუ ერთი წლის თავზე არ დაიწყებ მშენებლობას, უკვე შეიძლება დააგვიანო და ეს პირობა ჩამოგერთვათ. სავაჭროდ არც მაინც და მაინც დიდი დრო აქვთ იმ თვალსაზრისით, რომ გააკეთოს პროექტი იმისთვის, რომ გადაყიდოს”,-აცხადებს თორნიკე დარჯანია.
მთავრობის განკარგულებით დადგენილია ფიქსირებული ტარიფები, რომლითაც 15 წლის განმავლობაში, პროექტის ინვესტორი სახელმწიფოსთან ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლებს. აღნიშნული ტარიფები მეორე CFD აუქციონის გზით დადგინდა და შემდეგნაირად განისაზღვრება: