,,პირამიდისა” და “ბუს კვერცხების” მწარმოებელმა კომპანიამ ხელნაკეთი კარამელის – “ლავლავის” წარმოება დაიწყო

,,პირამიდისა” და “ბუს კვერცხების” მწარმოებელმა კომპანიამ ხელნაკეთი კარამელის – “ლავლავის” წარმოება დაიწყო
“პირამიდისა” და “ბუს კვერცხების” მწარმოებელმა კომპანია „ქართულმა თემამ“ ხელნაკეთი კარამელის -“ლავლავის” წარმოება დაიწყო.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა მანუჩარ ლობჟანიძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, აღნიშნულ პროექტში 50 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
მისი თქმით, ახალი საწარმოს აშენებისა და ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვების შემდეგ კომპანია ექსპორტს როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში დაიწყებს.

“ჩვენი პროდუქცია საცდელად ამერიკაში 2 ჯერ გავგზავნეთ და საკმაოდ წარმატებით გაიყიდა, თუმცა ამ ეტაპზე შევაჩერეთ ეს პროექტი. ჩვენ დანამატის სახით პროდუქციაში გვედო ROSHEN-ის კარამელები ჯოხზე (ჩუპა-ჩუპსი) და ამის გამო გვთხოვდნენ სერტიფიკატებს, თუმცა რატომღაც ROSHEN-მა ეს სერტიფიკატი ვერ მოგვაწოდა. ამის შემდეგ დავიწყეთ ხელნაკეთი კარამელის წარმოება და ROSHEN-ი ჩვენივე პროდუქტით ჩავანაცვლეთ. “ქართული თემას” მიერ წარმოებული კარამელი ნატურალურ, სრულიად უსაფრთხო და ბუნებრივ კომპონენტებზეა დამზადებული. ამ ეტაპზე ვიბრძვით იმისთვის, რომ ყველა ის სერტიფიკატი მივიღოთ, რომელიც ექსპორტის განხორციელებისთვის იქნება საჭირო და რომელსაც ითხოვს ამერიკა და ევროპა. ამას დრო სჭირდება და ყველაფერს თავისი პროცედურები აქვს. სერტიფიკატებს, რომ ავიღებთ დავიწყებთ ექსპორტს, თუმცა ამ ყველაფერს 2-3 წელი დასჭირდება“, – განაცხადა მანუჩარ ლობჟანიძემ.
გარდა ამისა, კომპანიის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ბაზარზე მათ პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია.

“ქართული თემას“ პროექტს, რომლის მეშვეობით ბავშვები სათამაშოებში საქართველოს ისტორიის ანიმაციის ნახვას შეძლებდნენ, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასეთი პროექტი არავის არასდროს არ გაუკეთებია. საკმაოდ მასშტაბური პროექტია, 13 კუთხეა და ყველაზე ცალ-ცალკე არის ანიმაცია შექმნილი. ჩვენს ერთ-ერთ პროდუქტზე „კოშკი“ დატანილია სპეციალური QR კოდი, რომელსაც მობილური ტელეფონის მიახლოებით ამოიცნობს წამკითხავი და ამის შემდეგ ბავშვს მობილურ ტელეფონშივე საქართველოს კუთხეების ანიმაციის ყურება შეუძლია. ჩვენ პატარა ზომის „კოშკებიც“ გამოვუშვით, რომელიც უფრო ბიუჯეტურია, თუმცა აღნიშნული ანიმაცია მხოლოდ დიდ „კოშკში“ გვიდევს. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 100 000 ლარამდე დაიხარჯა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტმა გაამართლა და მომხმარებლების მხრიდან ძალიან დადებითი უკუკავშირი გვაქვს. გარდა ამისა კომპანიამ ახალი პროდუქტი „ქექე“ გამოუშვა, რომელიც ბაზარზე რამდენიმე თვეა წარმატებით იყიდება“, – განაცხადა მანუჩარ ლობჟანიძემ.
ცნობისთვის, „ქართული თემა“ ქართულ ბაზარზე 2019 წლიდანაა და 3-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის მცირე ზომის სათამაშოების ნაკრებს საინტერესო შეფუთვით სთავაზობს. დიდი და მცირე ზომის „პირამიდებსა“ და „ქართული კოშკში“, “ბუს კვერცხებში“, ასევე “ქექეში” მომხმარებელს ხის სათამაშოების და ტკბილეულის აღმოჩენა შეუძლია. კომპანია სათამაშოების რეალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.
bp.ge