“პირად ცხოვრებაზე სასაუბრო მაქვს, მაგრამ ამ თემაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ მიყვარს” – ეკო ფანგანი ეკრანს მიღმა: როგორია ტელეწამყვანის ოჯახი, პირადი ურთიერთობები და ცხოვრება – Marao
“არ მიყვარს, როცა წარმატების მთავარ მიზეზად გარეგნობას ასახელებენ,”არ მიყვარს, როცა წარმატების მთავარ მიზეზად გარეგნობას ასახელებენ, გამორჩეული გარეგნობით შეიძლება სილამაზის კონკურსში გაიმარჯვო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დიდი შრომა და ძალისხმევაა საჭირო”, – ამბობს მომხიბვლელი ტელეწამყვანი ეკო ფანგანი.
– ძალიან ბევრმა ადამიანმა ბავშვობიდანვე იცის, რა იქნება მისი მომავალი პროფესია. თქვენ თუ გიფიქრიათ, რომ ტელეწამყვანი გახდებოდით?
– მსგავსი რამ ნამდვილად არ მახსენდება: ტელევიზიაზე არასდროს მიოცნებია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არტისტული ბავშვი ვიყავი – ვდგამდი პიესებს და “გაზეთებსაც” გამოვცემდი, რომელსაც უბრალო ფურცელზე, შავი კალმისტრით ვწერდი. მხატვრული კითხვის საღამოებშიც ვმონაწილეობდი და საერთოდ, ძალიან აქტიური ვიყავი. სულ ვამბობ, რომ გამიმართლა, რადგან პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ვისაც ამ სკოლაში უსწავლია, ფანგანები ყველას გაუგია, რადგან მამიდაჩემი – სვეტა ფანგანი ცნობილი პედაგოგი იყო. მას ამ სკოლაში ყველა იცნობდა, მოსწავლეებს უყვარდათ და პატივს სცემდნენ. ძალიან კარგი კლასი გვქონდა, სადაც ბევრი ცნობილი ადამიანი სწავლობდა. დიდი გულისტკივილით გვახსენდება მსახიობი კოტე თოლორდავა, რომელიც ჩვენი კლასელი იყო. ჩვენთან სწავლობდა დათო გოცირიძე, რომელიც ახლა რუსთაველის თეატრის მსახიობია. მოკლედ, ერთმანეთზე ნიჭიერი კლასელები მყავდა, მათთან მეგობრობა მართლა საინტერესო იყო და ამის გამო, სკოლის წლები ძალიან კარგად მახსენდება.
– მომავალი პროფესია როგორ აირჩიეთ?
– ტელევიზიისგან სრულიად განსხვავებული სფერო ავირჩიე – თსუ-ში, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სხვათა შორის, მთელ კურსზე ყველაზე მაღალი ქულებით მე ჩავირიცხე. მშობლები არც ჩარეულან, ისე ავირჩიე ეს სპეციალობა და უნივერსიტეტშიც ისე ჩავაბარე. ისინი არასდროს მაკონტროლებდნენ, თუმცა დედაჩემი ყოველთვის ახერხებდა, ჩემ შესახებ ყველაფერი სცოდნოდა და ყველაფრის საქმის კურსში ყოფილიყო. დღესაც არ ვიცი, ვისგან და როგორ იგებდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მზრუნველი და კარგი მშობლები მყავდა, მე უფრო ბებია-ბაბუასთან ყოფნა მომწონდა, მათთან ვიზრდებოდი და ისინი განსაკუთრებით მიყვარდა. ალბათ ამიტომ, ძალიან დამოუკიდებელი ბუნების ვიყავი, ჩემი სამყარო მქონდა და იქ ვცხოვრობდი. სამწუხაროდ, დღეს ჩემი ბებია-ბაბუები ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ მათი ამაგი არასდროს დამავიწყდება. ჩემი ბაბუა, სერგო ფანგანი საბჭოთა კავშირის დროს, ერთ-ერთი დამსახურებული, მაღალჩინოსანი ქართველი სამხედრო იყო. 1945 წლის შემდეგ, ის ორი წლით დატოვეს ბერლინის კომენდანტად. ჩემს თვალში ნამდვილი გმირი იყო. ძალიან დიდი ნათესაობა გვყავს, ბაბუას თავისი ახლობლები და ოჯახის წევრები აქ ჩამოჰყავდა და ასწავლიდა. მახსოვს, რომ მთელი სვანეთი სტუდენტობის წლებში ჩვენს სახლში ცხოვრობდა.ისინი ჩვენს ოჯახს დიდ პატივს სცემდნენ და ნათესაური კავშირები დღემდე შენარჩუნებული გვაქვს. განსაკუთრებით მიყვარდა მეორე ბაბუა – შალვა მიქაძე, რომელიც 25 წლის განმავლობაში თსუ-ის ქიმიის ფაკულტეტის დეკანი იყო. თუ ვინმემ რაიმე მასწავლა, სწორედ ის იყო. მისი დამსახურებაა, რომ ასე ძალიან მიყვარს სპორტი. ჰოკეით დაწყებული, ფეხბურთის ჩათვლით, ბაბუა ყველაფერს მაყურებინებდა. სწორედ მან შემაყვარა პოეზია და ლიტერატურაც. ის ჩემთვის საუკეთესო მეგობარი იყო და მისგან გამოყოლილი სიყვარული დღემდე გულს მითბობს!
– რა როლს ასრულებს თქვენს ცხოვრებაში ოჯახი?
– ჩემთვის ოჯახი ყველაფერია: მშობლები, ძმა და ნათესავები, მაგრამ ჩემი ოჯახი არ არის მხოლოდ დედ-მამა, ან ძმა, რომელიც ექვსი არაჩვეულებრივი შვილის მამაა, ჩემი ოჯახის წევრები არიან დეიდა, მამიდა და დეიდაშვილ-მამიდაშვილები… შესაბამისად, ძალიან დიდი ოჯახი მაქვს, რომლის წევრებად მიმაჩნია ჩემი მეგობრებიც, რომლებიც 6-7 წლის ასაკიდან მომყვებიან. მამაჩემი სულ ამბობს: მეგობარი არჩეული ნათესავიაო, არჩეული ნათესავი კი, ყველაზე ძვირფასია. როგორც ჩანს, ეს თვისება გენეტიკურად მომდგამს – ძალიან დიდი ოჯახი მაქვს და მისი თითოეული წევრი გულით მიყვარს.
– ჩვენს ძირითად თემას დავუბრუნდეთ: თავდაპირველად ტელევიზიაში როგორ მოხვდით?
– როგორც გითხარით, სრულიად განსხვავებული სპეციალობა მქონდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ სულ სხვა სფეროში აღმოვჩნდი. 2007 წელს, პირველად მოვხვდი სატელევიზიო პროექტში, რომელსაც “უკანასკნელი გმირი” ერქვა, მერე იყო “ცეკვავენ ვარსკვლავები” და ასე, თანდათან დავმკვიდრდი. 12 წელია, რაც ტელეწამყვანი ვარ და ამას ნამდვილად არ ვნანობ.
– ეს თქვენთვის სასურველი სამსახურია თუ ყოველდღიური რუტინა?
– საშინელებაა, როცა სამსახური რუტინად გადაგექცევა. მეც მქონია ასეთი სამსახურები, მაგრამ იქ ყოფნა მიჭირდა. მაგალითად: სადაზღვევო კომპანიაში ვმუშაობდი, სადაც საკმაოდ მაღალი პოსტი მეჭირა – ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ სულ ახლობლები მუშაობდნენ, ბევრი მეგობარი მყავდა და ყველა ძალიან მიყვარდა, ერთ მშვენიერ დღეს, ავდექი და წამოვედი. ჩემი გამოცდილებით ერთ რამეში დავრწმუნდი: თუ კომფორტის ზონიდან არ გამოხვალ, წინ ვერასოდეს წახვალ და სულ ერთი ადგილის ტკეპნაში იქნები.
– როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა ტელეწამყვანის კარიერაში წამყვანი როლი გარეგნობას?
– სულაც არ ვფიქრობ, რომ ტელეწამყვანი აუცილებლად ლამაზი უნდა იყოს. ისედაც, არ მიყვარს გარეგნობაზე აპელირება და არ ვფიქრობ, რომ სილამაზეს ადამიანის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. მართალია, ზოგიერთ პროფესიას ეს უფრო მეტად სჭირდება, ზოგს – ნაკლებად, მაგრამ მთავარი მაინც ადამიანის მონდომება და შრომისმოყვარეობაა. სილამაზის კონკურსშიც კი, სადაც ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს, ვერაფერს მიაღწევ, თუ მაქსიმალურად არ დაიხარჯები. ეს კარგად გავაცნობიერე, როდესაც მოდელობა დავიწყე. მართალია, ეს არც ჩემი პროფესია იყო, არც შემოსავლის წყარო, უბრალო გატაცება გახლდათ, მაგრამ დავრწმუნდი, რა დიდი შრომაა საჭირო, რომ სამოდელო ბიზნესში სახელი მოიხვეჭო და წარმატებას მიაღწიო. მარტო გარეგნობით ამ სფეროში ვერაფერს გახდები, თუ წელში გაწყვეტამდე არ იშრომე – ეს მაშინ, როცა ნულიდან იწყებ, თორემ სინდი კროუფორდის შვილი პოდიუმზე უპრობლემოდ მოხვდა, რადგან ის სინდი კროუფორდის შვილი იყო. როცა ადამიანი ყველაფერს ნულიდან იწყებს, მიზნის მისაღწევად, გაცილებით მეტი შრომა და ძალისხმევა სჭირდება, მით უმეტეს, ტელევიზიაში.