მზია ამაღლობელი მე-19 დღეა არის სრულ შიმშილობაზე.
ადვოკატების შეფასებით, მას უკვე უჭირს შეხვედრაზე გამოსასვლელად შესაბამისი მანძილის გავლა. მას შემდეგ რაც რუსთავის ციხეში გადმოიყვანეს, პირადად შევხვდი სამჯერ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის შიმშილობას არ შეწყვეტს. არსებობს პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც მისი ჯანმრთელობა უნდა მოწმდებოდეს. რაღაც კვლევები და შემოწმებები მართლაც უტარდება, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს წვდომა ამ სამედიცინო დოკუმენტებზე, რომ ამის ალტერნატიული შემოწმება შევძლოთ. ამიტომ, ჩვენ დღეს მივმართეთ სახალხო დამცველს შემდეგი საკითხებით: 1. სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში განახორციელოს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი და ყოველდღიური მონიტორინგი. 2. მოგვაწოდოს მზია ამაღლობელთან დაკავშირებული მის ხელთ არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად; 3. გამოითხოვოს პენიტენციური სამსახურიდან მზია ამაღლობელის შიმშილობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და გადმოგვცეს მათი ასლები; 4. შეაფასოს მზია ამაღლობელის შიმშილობიდან გამომდინარე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის შესაბამისობა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. ამასთან, ამ ეტაპზე უკვე მნიშვნელოვანია იმის შეფასება, ხომ არ სჭირდება მას მრავალპროფილური დახმარება და რამდენად მზადაა მისი მოთავსების დაწესებულება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად;
5. უზრუნველყოს წარმომადგენელის/ექიმის მიერ მოშიმშილე პატიმრის ყოველდღიური მონახულება და მისი ჯანმრთელობის კონტროლი.