სასტუმრო „პანორამა ბახმაროს“ დამფუძნებელი გიორგი კეჭაყმაძე ფიქრობს, რომ კურორტი 10 ათას ნომრიანი სასტუმროების ადგილად არ უნდა იქცეს, თუმცა მსხვილი მისი პოპულარიზაციისთვის ინვესტიციის განხორციელება მნიშვნელოვანია.
როგორც „ბახმაროს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი ამბობს, გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულების ხარჯზე ზამთრის სეზონი კურორტზე წარმატებულია, ზაფხულში დამსვენებლებისთვის კი ის ტურისტული ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო უინტერესოა.
„ბოლო წლებში ყველაზე აქტუალური თემაა „ორბი“ და ბახმარო. პირადად ვიცნობ „ორბის“ დამფუძნებელს და მფლობელს ზაზა ზოიძეს, რომელიც დაინტერესებულია კურორტის განვითარებით. გურული, ლანჩხუთელი კაცია, ადამიანმა თქვა, რომ მე აქ 100$ მლნ-ს დავხარჯავო, 100 მლნ პატარა ფული არ არის, თუ ვინმეს ბიზნესი ესმის ეს რაღაცა რიცხვი არაა. ძალიან ბევრს ეცადა, დიდი ფული დახარჯა, WilkinsonEyre სერიოზული კომპანიაა, მაგრამ არ გამოვიდა. არადა უფრო მარტივი რაღაც შეიძლება გაკეთდეს, 2-3 სართულიანი კოტეჯები ქვის და ბეტონის კონსტრუქციებით, ხის ფასადით შეფუთული, თითოში მინიმუმ 3 აპარტამენტი იქნება და ბევრ ადამიანს დაიტევს. ბახმაროს სჭირდება მსხვილი ინვესტიცია. ჩვენ ჩვენი ძალებით ვცდილობთ მის პოპულარიზაციასაც თუმცა ეს არ არის საკმარისი.“ – განაცხადა კეჭაყმაძემ.
