“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერარ პიკემ L’Equipe-სთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის შესახებ ისაუბრა. ესპანელის აზრით, მიმდინარე სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე პსჟ-ს მთავარი კონკურენტი მადრიდის “რეალი” იქნება.
“როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში მადრიდის “რეალი” უნდა ვახსენოთ. მათ შესაძლოა, საშინელი სეზონი ქონდეთ, ლა ლიგაში ლიდერს 20 ქულით ჩამორჩებოდეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მათი ტურნირია და აქ მუდამ მოწოდების სიმაღლეზე არიან. იყო შემთხვევები, როდესაც ამ ტურნირზე ფავორიტები არ ყოფილან, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მაინც მათი გამარჯვებით სრულდებოდა.
“ბარსელონა”? ისინი სწორი მიმართულებით ვითარდებიან. დარწმუნებული ვარ,
მომდევნო წლებში არაერთი წარმატება ელოდებათ. ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე “რეალის” მთავარი კონკურენტი პსჟ იქნება, პარიზელები შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ.
არ მეგონა, რომ ენრიკეს გუნდი “ლივერპულს” გამოაგდებდა, მათ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ. მქონდა პატივი, რომ ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობის ქვეშ 3 წლის განმავლობაში მეთამაშა. ესპანელი ტოპ სპეციალისტია და იცის წარმატების მისაღწევად რა არის საჭირო. მას სასურველი გუნდის ასაშენებლად დრო აუცილებლად მიეცემა. მოედანზეც ჩანს, რომ ფეხბურთელები ენრიკეს დავალებებს ზედმიწევნით კარგად ასრულებენ. გარდა ამისა, ლუისს კლუბის მფლობელიც ენდობა, ასე რომ, მისთვის ყველაფერი შესანიშნავადაა”, – განაცხადა პიკემ.
შეგახსენებთ, ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით “ბარსელონამ” 2015 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, სადაც პიკე ერთ-ერთი შეუცვლელი ფეხბურთელი იყო.
