ჰელსინკის კომისიის შეშფოთების მთავარი საგანი მაინც ის არის, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ის მიერ გაკეთებულ ინვესტიციებს წყალში ყრის „ქართული ოცნება“, თან ეს ხდება ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა, ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტია აშშ-ს მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს წყალში ყრის, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ და ინსტიტუციურ განვითარებასა და უსაფრთხოებას ხმარდებოდა და საქართველოს „ჩრდილოეთის მიმართულებით აბრუნებს“.
“ჰელსინკის კომისიის მხრიდან ამ შეშფოთების მთავარი საგანი მაინც ის არის, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებს კოლოსალური ინვესტიციები აქვს ჩადებული საქართველოში, რაც ხმარდებოდა საქართველოს ეკონომიკური განვითარებას, ინსტიტუციურ განვითარებას, უსაფრთხოებას და ამ ყველაფერს წყალში ყრის “ქართული ოცნება”, აბრუნებს ჩრდილოეთის მიმართულებით და თან ეს ყველაფერი ხდება ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო გზაგასაყარზე დგას და „ქართული ოცნება“ ქვეყნის რუსეთისკენ მითრევას ცდილობს.
„საქართველოს რესპუბლიკა გზაგასაყარზე დგას, როდესაც “ქართული ოცნების” პარტია ცდილობს ქვეყნის რუსეთისკენ მითრევას და მის არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან დაშორებას”,- ნათქვამია განცხადებაში.
