„ქოცების“ „დამსახურებაა“ყველაფერი ის, რაც ნარკოტიკების მოხმარებას, რეალიზაციას და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენას უკავშირდება, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ნარკოტიკების გავრცელებას და მასზე ადამიანების დამოკიდებულებას ხელი შეუწყო.
„ამ რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნარკომანია დაეშვა და ნარკოტიკების მოხმარება თავისუფალი ყოფილიყო. მისი ქმედებებით და იმ მიმართულებაზე პოლიტიკური აქტიურობით, რომ ე.წ. ძველი ბიჭები, სუს-ის „ნასეტკები“, სხვადასხვა რჯულის და წარმომავლობის კრიმინალები მუშაობენ ამ რეჟიმზე, მხარს უჭერენ და ეხმარებიან ნებისმიერ არჩევნებში, ამან არა მხოლოდ ნარკომანია გააფართოვა და უფრო მეტი ადამიანი ჩართო, არამედ ნარკოტიკთან დაკავშირებული დანაშაულიც გაზარდა. ეს „ქოცების“ გადაწყვეტილებაა, რომელიც 12 წლის წინ მიიღეს და ახლა შემოუბრუნდათ, ახლა ეტკინათ, რომ ნარკოტიკი და მასთან დაკავშირებული დანაშაული დიდი პრობლემა არის საზოგადოებისთვის? უკვე „გადაბრუნებული ურმის პრინციპით“ ახლა იწყებენ მოქმედებას და კანონების მიღებას. „ქოცების“ „დამსახურებაა“ყველაფერი ის, რაც ნარკოტიკების მოხმარებას, რეალიზაციას და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენას უკავშირდება“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება, დღეს, 14 მარტს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. ამ მიმართულებით ცვლილება რვა სხვადასხვა კანონში შედის – მათ შორის არის “სისხლის სამართლის კოდექსი“, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, კანონი “ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ და სხვა. ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობას რამდენიმე ახალი მუხლი ემატება.
