პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი, – ამის შესახებ ,,ერთიანობა – ნაციონალური
მოძრაობის’’ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კარდენახში “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტს.
მისი თქმით, ხელისუფლება, როგორც “მოსალოდნელი იყო, ძალადობას მიმართავს”, მაგრამ “ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას” ძალადობის არ ეშინია, რადგან მათ გვერდით საქართველოს მოქალაქეები დგანან.
“ძალადობა არის წახალისებული. ჩვენ გვახსოვს, პარლამენტის თავმჯდომარე დაახლოებით თვენახევრის წინ გამოდიოდა და ამბობდა, რომ ქუჩებში იქნება ძალადობა. წყნარი და მშვიდობიანი წინასაარჩევნო პერიოდი ვერ ექნებოდა, პირველ რიგში, “ნაციონალურ მოძრაობას”, იმიტომ, რომ მათ იციან, სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან. მათ იციან, ვინ არის მათი მთავარი ოპონენტი, რა თქმა უნდა, ჩვენს შეხვედრებს, ჩვენს წინასაარჩევნო აქტიურობას უცხადებენ პროტესტს, გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ცდილობენ, შეხვედრები ჩაშალონ. სხვა საქმეა, რამდენად გამოსდით ეს, იმიტომ, რომ მათ ხალხი უპირისპირდება. ეს არის მათი აგონიაში მყოფი, ბოლო ამოსუნთქვა, რადგან ძალაუფლებას კარგავენ. მათთვის ძალაუფლება ცხოვრებაა, ყველაფერია. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ახლა, სულ რამდენიმე კვირაში, არჩევნებში დამარცხდებიან და ხელისუფლებიდან მოუწევთ სახლში წასვლა. ეს არის მათი ყველაზე დიდი ღამის კოშმარი. სწორედ ამიტომ, სხვა რა გააკეთონ, არ იციან, გარდა იმისა, რომ მიმართონ ძალადობას, რისიც ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ კამპანიას, რაღა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ჩვეულებრივ რეჟიმში. გვექნება ჩვენს ამომრჩევლებთან, ჩვენს თანამოქალაქეებთან შეხვედრები”, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, პარტიის ლიდერებს სოფელ კარდენახში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს “ქართული ოცნების” აქტივისტები თავს დაესხნენ. ჯანდაცვის მიმართულების მდივანს, ლევან მეტრეველს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის “ნიუ ჰოსპიტალში” გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ