პეტრე ცისკარიშვილი – იმის მაგივრად, რომ სცენა ეთხოვებინათ სულ რაღაც 2-3 საათით, პირიქით, ხალხს დაუპირისპირდნენ ზუსტად ისევე, როგორც აპირებენ ხვალ მიტინგი მოუწყონ ქართულ საზოგადოებას

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ნება უნდა მიეცა პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეებისთვის, რომ მათ 2-3 საათით ესარგებლათ სცენით, რომელიც ხვალ დაგეგმილი საერთო-სახალხო შეკრებისთვის არის განთავსებული.
ცისკარიშვილმა საჯარო მოხელეებს მიმართა და მოუწოდა, ძალდატანებით ხვალინდელ შეკრებას არ შემოუერთდნენ.
„არ იყო გახმოვანება, ვერ ჩატარდა საპროტესტო აქცია, არ იყვნენ გამომსვლელები. არ ხდებოდა არაფერი, ამან გამოიწვია აგრესია. იმის მაგივრად, რომ სცენა ეთხოვებინათ სულ რაღაც 2-3 საათით, პირიქით, ხალხს დაუპირისპირდნენ ზუსტად ისევე, როგორც ისინი აპირებენ ხვალ მიტინგი მოუწყონ ქართულ საზოგადოებას. ქართველ ხალხს თავისი მთავრობა მიტინგს უწყობს ასე ხელოვნურად, ძალით ჩამოყვანილი საჯარო მოხელეებით. რეალურად, ეს არის რუსული მარში. საჯარო მოხელეებს მინდა ვუთხრა, ბევრ თქვენგანს ეყო გამბედაობა, ვაჟკაცობა და უარი უთხრა, ზოგმა რაღაც მოიმიზეზა, ზოგმა პირდაპირ უარი აჯახა „ქოცურ“ მთავრობას და უთხრა, რომ არ წამოვა. ყველას შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ, არავინ ხართ ვალდებული, ისინი თავისი ჯიბიდან ხელფასებს არ გიხდიან, საქართველოს ბიუჯეტიდან იხარჯება ის თანხა, რომელიც თქვენ ხელფასებად გეკუთვნით“,-განაცხადა ცისკარიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.