პეტის ბოთლების აკრძალვა გამოსავალი არაა, აკრძალვა და პრევენცია ერთმანეთში არ უნდა აურიონ – გივი კალანდაძე (BMG)

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ გარემოსდაცვითი მმართველი, გივი კალანდაძე BMGtv-ის გადაცემაში “ანალიტიკა” აცხადებს, რომ პეტის ბოთლების აკრძალვა პრობლემის გადაწყვეტის ეფექტიანი გზა არ არის და ყურადღება პრევენციასა და სისტემურ მართვაზე უნდა გამახვილდეს.მისი თქმით, პეტის ბოთლებსა და ჯანმრთელობის პრობლემებს შორის პირდაპირი კავშირი არ დასტურდება.”არ არსებობს პირდაპირი კავშირი, მეცნიერული კვლევა, რომ პეტის ბოთლის მოხმარება ავადობასთან, რომელიმე სახის დაავადებასთან, პირდაპირ კავშირს ამტკიცებს ან მიუთითებს. არსებობს ვარაუდები, არსებობს ჰიპოთეზები, თუმცა ასეთი რამ მედიცინაში დამტკიცებული ფორმით არ არსებობს. ამიტომ, როდესაც ბიზნესთან და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით დაუმტკიცებელ ფაქტებზე აპელირება ხდება, მე მგონი, ეს აზიანებს როგორც ბიზნესს, ასევე ამ თემას”, – განაცხადა კალანდაძემ.ის აღნიშნავს, რომ მსგავსი არგუმენტებით გადაწყვეტილებების მიღება როგორც ბიზნესს, ისე თავად საკითხის სწორად წარმოჩენას აზიანებს.ამასთან, კალანდაძე ხაზგასმით ამბობს, რომ პრევენცია და აკრძალვა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.”პრემიერმა საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა, რომ გაგრძელდება ბიზნესთან კონსულტაციები ერთი წლის განმავლობაში. ეს იყო შუალედური გადაწყვეტილება, რომელიც საფუძველს უდებს კონსულტაციების გაგრძელებას ბიზნესთან ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი წლის განმავლობაში.მხოლოდ საღი აზრის მოლოდინი გვაქვს, რომ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში როგორც ახლა, ამ ეტაპზე, ზოგი გადაწყვეტილების მიმღები ურევს – აკრძალვა და პრევენცია. პრევენცია არ ნიშნავს აკრძალვას. პრევენცია ნიშნავს, მაგალითად, პეტის ბოთლების იმგვარ შეგროვებას, რომელიც ნაკლებ ადგილს იკავებს, ტრანსპორტირებისთვის ნაკლებ საწვავს ხარჯავს, ნაკლებ CO2-ს გამოყოფს და გადამუშავებისთვის სასარგებლოა როგორც ბუნებისთვის, ასევე ეკონომიკისთვის”, – განაცხადა კალანდაძემ.”კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” გარემოსდაცვითმა მმართველმა, გადაცემის დასაწყისში ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა განცხადებისთვის, რომ პლასტმასის ბოთლებით სასმლის გაყიდვის გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს, ან გადავადდეს.”პირველ რიგში, მე მინდა მადლობა ვთქვა ბატონი პრემიერის მისამართით, რადგან მან საკმაოდ ლამაზად, კარგად და საქმიანად ჩამოაყალიბა ეს პრობლემა და მოგვცა საშუალება, რომ ერთი წლის განმავლობაში დაინტერესებულ მხარეებთან გვქონდეს კონსულტაციები და ვიმსჯელოთ იმ თემაზე, რომელიც დღეს მეტად აქტუალურია.რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყეთ სამინისტროსთან ერთად წინა წელს კონსულტაციები, თუმცა იყო პირობა, რომ ეს კონსულტაციები გაგრძელდებოდა. ეს იყო ბოლო პარასკევი 2023 წლის, თვითონ სამინისტროს შენობაში. მას შემდეგ ველოდებოდით, რომ დაგვიძახებდნენ და იქნებოდა პირველი, მეორე ეტაპი ან მესამე ეტაპი კონსულტაციების, სადაც შევაჯერებდით ჩვენს მოსაზრებებს, საშუალებებს გავაცნობდით, როგორ შეიძლებოდა ტექნიკურად ამ ყველაფრის გადაიარაღება, თუ არის შესაძლებელი ან ჩანაცვლება.დღეს ეს არის კიდევ ერთ-ერთი საინტერესო თემა, როგორ გვთავაზობენ ჩანაცვლებას ერთი პროდუქტის მეორე პროდუქტით. რამდენად ტექნიკურად შესაძლებელია, არავინ იცის. თუმცა მე ვიტყოდი, რომ ის მიზეზი, რომლითაც დაიწყო ეს კამპანია და რომლითაც დაიწყო ეს მთლიანად საუბარი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მე, როგორც ამ დარგის ექსპერტი და დიდი ხნის განმავლობაში მომუშავე, და როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მულტინაციონალური კომპანიის წარმომადგენელი, ვიტყოდი, რომ ასეთი მიზეზი ბუნებაში არ არსებობს”, – განაცხადა მან.bm.ge