პეტერ ფიშერი ანტიკორუფციულ ბიუროში შეხვედრაზე – როგორც მეგობარმა, გავაფრთხილე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ილუზიებთან დაკავშირებით

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, ანტიკორუფციულ ბიუროში გამართულ შეხვედრაზე, FARA-ს კანონი, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და სხვა საკითხები განიხილეს.
„დამპირდნენ ინფორმირებას იმის შესახებ, თუ როგორ მოეპყრობიან FARA-ს საფუძველზე საქართველოში არსებულ 13 გერმანულ ორგანიზაციას – რომლებიც დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური ბიუჯეტით, ექვემდებარება გერმანია-საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებს და აუცილებელია ჩვენი ფართო და ღრმა კავშირების პრაქტიკული განხორციელებისთვის. გვსურს, რომ ისინი გათავისუფლდნენ ამისგან“, – წერს ელჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისივე თქმით, ისაუბრეს ევროკავშირზე, „უცხოელი აგენტის“ ტიპის კანონებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე და სხვა საკითხებზე.
„ასევე განვიხილეთ ევროკავშირი. გავიხსენე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის უარყოფითი მოსაზრება „უცხოელი აგენტის“ ტიპის კანონებთან დაკავშირებით. როგორც მეგობარმა, გავაფრთხილე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ილუზიებთან დაკავშირებით. ევროკავშირის საბჭომ 2024 წლის ივნისიდან სინანულით დაასკვნა, რომ საქართველო შორს არის კურსიდან”, – წერს ელჩი.