ბევრი ადამიანისთვის ფოიერვერკი ახალი წლის ღამის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ცხოველებისთვის ეს სრული სტრესია. ხმამაღალი აფეთქებები, სინათლის მკვეთრი შუქი და დამწვრის სუნი მათში პანიკას იწვევს. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ დროს ძაღლებს, კატებს, ზაზუნებსა და სხვა ცხოველებს?
როდესაც ახალი წლის ღამეს გარეთ აფეთქებების ხმა ისმის, ბევრი ცხოველი პანიკაში ვარდება: ისინი ყმუიან, გარბიან ან რამდენიმე დღის განმავლობაში, შიშიდან ვერ გამოდიან. მგრძნობიარე სმენის გამო, საახალწლო ასაფეთქებლებმა და მჭახე ხმებმა ძაღლებსა და კატებში შეიძლება ფიზიკური ტკივილიც კი გამოიწვიოს.
პატარა ცხოველები, როგორებიც არიან, მაგალითად, თუთიყუშები ან ზაზუნები, რომლებსაც სწრაფი გულისცემა აქვთ, შეიძლება შიშისგან მოკვდნენ, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. მაგრამ პრობლემა მხოლოდ საახალწლო ასაფეთქებლების ხმა არ არის – დამწვრის სუნი, რომელსაც ცხოველები ადამიანებზე ბევრად უფრო მძაფრად აღიქვამენ, მათში პანიკას იწვევს.
როდესაც ასაფეთქებლებს ისვრიან, ცხოველები სახლში უნდა იყვნენ. გარეთ, ქუჩაში მყოფი კატები დროულად შეიყვანეთ შენობაში. თქვენი შინაური ცხოველი ახალი წლის ღამეს მარტო არ დატოვოთ. თუ გამოცდილება გკარნახობთ, რომ მათ აფეთქების ხმის ეშინიათ, ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა დიდი საახალწლო წვეულებისგან თავი უნდა შეიკავოს და მათ გვერდით იყოს. დაუშვით ჟალუზები და ჩამოაფარეთ ფარდები. ეს მათ, სულ მცირე, კაშკაშა სინათლის ეფექტებისგან დაიცავს.
ცხოველების ყურადღების გადასატანად, შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორი ან მუსიკა, რაც ნაცნობ ფონურ ხმაურს ქმნის და ამშვიდებს მათ. ის გარედან შემომავალ ხმაურსაც ახშობს.
ყველა ცხოველს ინდივიდუალური ხასიათი აქვს, რაც გასათვალისწინებელია. ზოგიერთი ცხოველის ყურადღების გადატანა თამაშებით შეიძლება – ამიტომ, მზად უნდა გქონდეთ სასუსნავები და სათამაშოები. სხვებს კი ადამიანებთან სიახლოვე სჭირდებათ.
მაგრამ ზედმეტი მოფერება და დამშვიდება კონტრპროდუქტიულია. თქვენ, როგორც „ხროვის ლიდერი“, თავდაჯერებულად უნდა გამოიყურებოდეთ. ამიტომ, თქვენი ცხოველის შფოთვაზე რაც შეიძლება ნაკლები რეაგირება მოახდინეთ. ამ დროს, თქვენი სიმშვიდე და უსაფრთხოების განცდა მათაც გადაეცემათ. ზოგიერთ ცხოველს დამალვა ურჩევნია. ამიტომ, კარგი იქნება, თუ გექნებათ ბნელ, წყნარ ოთახში ან შესაფერის სარდაფში მისი განმარტოებით განთავსების შესაძლებლობა.
შინაურ ცხოველს დამამშვიდებელი საშუალება უკიდურესად გამონაკლის შემთხვევებში და მხოლოდ ვეტერინართან კონსულტაციის შემდეგ მიეცით. ძალიან შეშინებული ცხოველებისთვის ვეტერინარმა შეიძლება დამამშვიდებელი დანიშნოს.
გერმანიის ცხოველთა დაცვის ასოციაცია მოქალაქეებს ურჩევს, განსაკუთრებით ფხიზლად იყვნენ ახალი წლის წინა და მომდევნო დღეებში, ხოლო რეგიონის მიხედვით – კვირებით ადრეც კი. დასახლებულ ადგილებში ძაღლი მხოლოდ საბელით ატარეთ, რათა ნაადრევი ან დაგვიანებული ასაფეთქებლების ხმამ არ შეაშინოს და არ გაიქცეს. შინაური ცხოველები საბელით უნდა გყავდეთ ახალი წლის შემდეგაც, რათა ჩამსხვრეულ მინას არ დააბიჯონ ან საშიშ აუფეთქებელ პიროტექნიკას არ წააწყდნენ. უნდა დარწმუნდით, რომ საბელი და ყელსაბამი თქვენს ძაღლს საკმარისად მჭიდროდ აქვს მორგებული. საახალწლო დღეებში სეირნობა მინიმუმამდე დაიყვანეთ. ქუჩაში მყოფი კატები სახლში რაც შეიძლება ადრე შეიყვანეთ და შინ რაც შეიძლება დიდხანს გყავდეთ.
თუ სიფრთხილის ყველა ზომის მიუხედავად, თქვენს ცხოველს მაინც რამე დაემართა, ნუ ეცდებით თავად იყოთ „ექიმი“ – მომხდარის შესახებ რაც შეიძლება მალე შეატყობინეთ ვეტერინარს, ან ვეტერინარულ სასწრაფო დახმარებას დაუკავშირდით.
თუ ქალაქის მცხოვრები ხართ, უმჯობესია, სრულად გაექცეთ საახალწლო ხმაურს. კარგი იდეაა დროის გატარება განცალკევებით მდებარე სასტუმროში, სადაც ფოიერვერკები აკრძალულია (არსებობს ასაფეთქებლების გარეშე ახალი წლის გატარების შეთავაზებები). ამ ვარიანტს აეროპორტის ზოგიერთი სასტუმროც შემოგთავაზებთ, რადგან აეროპორტებში პიროტექნიკის გამოყენება აკრძალულია. ასეთ სასტუმროებს, როგორც წესი, ხმაგაუმტარი ფანჯრებიც აქვთ.
თუ ეს ვარიანტი ძალიან დიდ ძალისხმევას ან ხარჯებს მოითხოვს, შეგიძლიათ ოთხფეხა მეგობრები მანქანაში ჩასვათ, რადიო ჩართოთ და ქალაქგარეთ გაემგზავროთ – ან ახალი წელი მაგისტრალზე, უკაცრიელ ადგილას გაატაროთ. ამ გზით, სულ მცირე, ასაფეთქებლების პიკს გადააგორებთ.
წყარო: 1 არხი




