პესტიციდების გაყიდვასა და გამოყენებას მხოლოდ შესაბამისი სერტიფიკატის მქონე სპეციალისტები შეძლებენ – საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გეგმა პესტიციდების მდგრად გამოყენებასთან დაკავშირებით – 2029 წლამდე უნდა დაინერგოს ევროპული პრაქტიკა, რომ მოხდეს სწავლება, შემდეგ გამოცდის ჩაბარება და სერტიფიცირება. განისაზღვრება პროფესიონალური პესტიციდების ჯგუფი, რომელია სახიფათო გარემოსთვის, რომელი – ადამიანისთვის და შეუძლებელი იქნება, ეს პესტიციდები ნებისმიერმა მსურველმა იყიდოს და გამოიყენოს. ასევე, მოთხოვნები შემოდის პესტიციდების გამყიდველების, იმპორტიორების, დისტრიბუტორების მიმართ, – განაცხადა რადიო „კომერსანტის“ ეთერში ფერმერთა ასოციაციის პროექტების მენეჯერმა, ილია კუნჭულიამ.
„ევროკავშირში, როგორც მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილს ვერ მართავ, მსგავსი სისტემაა სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც – უნდა გაიარო სწავლება, ჩააბარო გამოცდა და მხოლოდ ამის შემდეგ იღებ წვდომას გარკვეული კატეგორიის პესტიციდების ყიდვაზე. ასევე, ვინც ყიდის პესტიციდებს, მათაც ძალიან სერიოზული ცოდნა მოეთხოვებათ. საქართველოში ძირითადად მსგავს რჩევებს მაღაზიებში გასცემენ, რადგან ფერმერების დიდ ნაწილს აგრონომიული განათლება არ აქვთ. მართალია, დიდ კომპანიებს აგრონომები ჰყავთ, თუმცა, იქაც ცალკე პრობლემაა – როგორც ექიმები გვიწერენ 27 დასახელების წამალს, გვჭირდება თუ არა, სამწუხაროდ, ასე იქცევიან აგრონომებიც. არ არის ბაზარი დარეგულირებული და ვისაც როგორ უნდა, ისე იქცევა“, – აცხადებს ილია კუნჭულია.
მისი ინფორმაციით, ჩვენს ბაზარზე პესტიციდების ორი მესამედი გენერიკულია, რაც იმას ნიშნავს, რომ 20-25 წლის წინ, მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პატენტს ვადა გაუვიდა, წარმოება დაიწყეს ჩინურმა და თურქულმა კომპანიებმა. ახალი ტექნოლოგიებით მიღებული ორიგინალი, ევროპული პესტიციდების წილი კი ქართულ ბაზარზე მხოლოდ ერთი მესამედია.