პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლის წესები იცვლება

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლი და ნიმუშის აღების წესები იცვლება – ამის შესახებ ირკვევა „ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის და ნიმუშის აღების წესის“ შესახებ დადგენილებიდან.
ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხობრივი შემოწმება განხორციელდება როგორც სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის ფარგლებში, ასევე უხარისხობასთან დაკავშირებული ინფორმაციის საფუძველზეც.
ნიმუშების შემოწმება მოხდება როგორც ვიზუალური დათვალიერების შედეგად, ასევე ლაბორატორიული მეთოდით. კერძოდ, ვიზუალურად შემოწმდება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შეფუთვის გარეგანი მდგომარეობა, მარკირება, აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ფერი, კონსისტენცია და სხვა მახასიათებლები. ამასთანავე, განხორციელდება ვადიანობის კონტროლიც.
რაც შეეხება ლაბორატორიულ კონტროლს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნიმუშების აღება, დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა უზრუნველყოს. იმ შემთხვევაში, თუ ნიმუშებში დარღვევა გამოვლინდა, სააგენტოს მოთხოვნით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ამოიღოს ბაზარზე განთავსებული პესტიციდი/აგროქიმიკატი და მიღებული ზომების თაობაზე დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს სააგენტოს.
დადგენილების თანახმად, ბიზნესოპერატორს უფლება ექნება, რომ სააგენტოს პესტიციდების/აგროქიმიკატების ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ რეალიზაციის უფლების მოთხოვნით ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე მიმართოს. შედეგად, ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა განხორციელდება.
„პესტიციდის/აგროქიმიკატის ხარისხობრივი მაჩვენებლები არ არის შეცვლილი, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პესტიციდის/აგროქიმიკატის ვარგისობის ვადის გასვლიდან ერთი წლის ვადით რეალიზაციის უფლების გაცემის შესახებ“, – აღნიშნულია ტექნიკურ რეგლამენტში.
ცვლილებების ამოქმედება დაგეგმილია 2026 წლის 1-ელი იანვრიდან.