კრემლში ამ ეტაპზე „უადგილოს“ უწოდებენ მსჯელობას იმის შესახებ, რა რეაქცია ექნება რუსეთს, თუ დადასტურდება საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმასთან უკრაინის კავშირი.
შეკითხვა კრემლის რეაგირების შესახებ, რუსულმა სააგენტო „ტასმა“ დაუსვა პრეზიდენტ პუტინის პრესმდივან დმიტრი პესკოვს. მისი პასუხი იყო, რომ სანამ გამოძიება მიმდინარეობს, „თუ-ს რეჟიმში მსჯელობა უადგილოა“.
მიუხედავად იმისა, რომ „კროკუსზე“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“, რუსეთმა ტერაქტი არაერთხელ, ირიბად დაუკავშირა უკრაინას, რასაც კიევისგან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა.
· 22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 139 ადამიანი და 180-ზე მეტი დაშავდა.
· თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი”).
· რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთიდან არიან.
· 24 და 25 მარტს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 7 ბრალდებულს. ოთხს ტერაქტში უშუალო მონაწილეობაში ადანაშაულებენ, დანარჩენებს კი – მათ დახმარებაში.
· კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა უარი თქვა ეპასუხა ჟურნალისტების შეკითხვისთვის, რატომ ეტყობათ ეჭვმიტანილებს წამების კვალი.