კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და ამბობს, რომ არჩევნებში არავითარი ჩარევა არ მომხდარა და შედეგები ქართველი ხალხის არჩევანს ასახავს.
პესკოვის მტკიცებით, რუსეთის მისამართით გაჟღერებული ბრალდებები, არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით, “უსაფუძვლოა”.
“თუ რამეა, ეგრევე რუსეთს ადანაშაულებენ. ეს ასე არ არის. არავითარი ჩარევა არ ყოფილა და ბრალდებები უსაფუძვლოა. ჩვენ მკაცრად უარვყოფთ ამ ბრალდებებს. ეს ქართველი ხალხის არჩევანია და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მესამე ქვეყნები ამ არჩევნების შედეგებში არ ჩაერიონ.
იგივე ქალბატონი პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] ამბობდა, რომ ამ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. აქ ზუსტად არ ვიცი, შედის თუ არა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებში არჩევნების შედეგების აღიარება/არაღიარება. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაფერი საქართველოს შიდა საქმეა”, – თქვა პესკოვმა სახელისუფლებო მედია რია ნოვოსტისთან სატელეფონო საუბარში.
***
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს შედეგები ასეთია:
· ქართული ოცნება – 53.92%
· კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 11.03% (229 006 ხმა);
· ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა – 10.16% (210 895 ხმა);
· ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის – 8.81% (182 891 ხმა)
· გახარია საქართველოსთვის -7.77% (161 250 ხმა)
ცესკოს შედეგებს არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიები, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების ცნობით, არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები:
· ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები
· მრავალჯერადი ხმის მიცემა, ე.წ. კარუსელი
· მარკირების პროცედურის დარღვევა
· ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
· დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა/ უბნიდან გაძევება
· 1-ზე მეტი ბიულეტენის გადაცემა
· ამომრჩევლის დაშინება/მოსყიდვა
· მუქარა და ფიზიკური ანგარიშსწორება
· უბანზე ამომრჩევლის აღრიცხვა