პერუს კონგრესმა პრეზიდენტ დინა ბოლუარტეს თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, – ინფორმაციას BBC-ს ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 130 დეპუტატიდან 122-მა მისი თანამდებობიდან გადაყენებას მხარი „მუდმივი მორალური უუნარობის“ მოტივით დაუჭირა.
დროებით პრეზიდენტად ფიცი კონგრესის ლიდერმა, ხოსე ხერიმ დადო.
BBC- წერს, რომ დინა ბოლუარტეს მხარდაჭერის რეიტინგი 2-4%-ია. მისი მმართველობის პერიოდი ხშირი საპროტესტო აქციებით, სკანდალებითა და გამოძიებებით, ასევე ჯგუფური ძალადობის ზრდით იყო გაჯერებული. ბოლო თვეებში დანაშაულის ზრდის ფონზე, მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები კიდევ უფრო გამწვავდა.
2023 წლის იანვარში, თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ბოლუარტეს და მისი ზოგიერთი მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო „გენოციდის, კვალიფიციური მკვლელობისა და სერიოზული დაზიანებების“ მიყენების ბრალდებით. გამოძიება მოჰყვა ყოფილი პრეზიდენტის, პედრო კასტილიოს 50-ზე მეტი მხარდამჭერის დაღუპვას ბოლუარტეს გადადგომისა და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით გამართული დემონსტრაციების დარბევის დროს.
ბოლუარტე პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი და 2018 წლიდან მეექსვე ლიდერია. სამი ყოფილი ლიდერი ციხეშია.
