პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიები მონაცემებს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ამუშავებდნენ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიები მონაცემებს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ამუშავებდნენ, ზოგიერთ შემთხვევაში ამ პროცესში მარკეტინგული მიზნით მონაცემთა დამუშავების წესების დარღვევა გამოიკვეთა.
საარჩევნო პროცესში მონაცემთა დამუშავების კანონიერების თაობაზე საუბარია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარადგინა.
„წინასაარჩევნოდ, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა საუბნო საარჩევნო კომისიაში საკუთარი კვოტით ნიშნავდნენ კომისიის წევრებს/მონაცემთა სუბიექტებს და ამუშავებდნენ მათ მონაცემებს, თუმცა არ ჰქონდათ მათი მონაცემების დამუშავების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები ან ვერ უზრუნველყვეს ამ საფუძვლის არსებობის მტკიცების კანონით გათვალისწინებული ვალდებულების რეალიზება.
კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი მონაცემთა სუბიექტის მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მტკიცების ტვირთს დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს აკისრებს. სამსახურის მიერ შესწავლილ შემთხვევებში პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ წარმოადგინეს ობიექტური მტკიცებულება, გარდა ზეპირი განმარტებისა, რომლითაც მონაცემთა სუბიექტების მონაცემების დამუშავებას დააფუძნებდნენ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მონაცემთა დამუშავების რომელიმე სამართლებრივ საფუძველს.
ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ რამდენიმე ათეულ მონაცემთა სუბიექტს ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაუგზავნა შეტყობინებები არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. პარტიის წარმომადგენელი განმარტავდა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა საინფორმაციო შინაარსის შეტყობინებებს და მასზე სამსახურს არ უნდა გაევრცელებინა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავების წესები. პირდაპირ მარკეტინგად მიიჩნევა როგორც საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირება, ასევე – მხარდაჭერის მიზნით ინფორმაციის მონაცემთა სუბიექტისთვის/ამომრჩევლისთვის მიწოდება. შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა ვალდებულება, კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნების დაცვით დაემუშავებინა მონაცემთა სუბიექტების მონაცემები;
ზემოაღნიშნულ შემთხვევებში სამსახურმა მიიჩნია, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ კანონის მოთხოვნების დარღვევით განხორციელდა მონაცემთა სუბიექტების მონაცემების დამუშავება და კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქციები გამოიყენა“, – აცხადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩხეიძე: ბატონი მ. ყაველაშვილის დღევანდელი განცხადება არის დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერების დაცინვის მცდელობა. განსაკუთრებით მათი, ვინც თანხმობას აცხადებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე