აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ პრეზიდენტ ტრამპის „მოძულე მედია“ დაადანაშაულა თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში.
პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის, შონ პარნელის განცხადებით, The New York Times-მა და „ფეიკების“ სხვა გამავრცელებლებმა ერთადერთ წყაროდ გამოიყენეს სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლები, რომლებსაც თავდაცვის მინისტრის და პრეზიდენტის ქმედებების „საბოტაჟის მოტივი“ აქვთ.
პარნელის მტკიცებით, Signal-ის არცერთ ჩატში საიდუმლო ინფორმაცია არ ყოფილა.
The New York Times-მა, CNN-მა და Reuters-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით 20 აპრილს დაწერეს, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა იემენში ჰუთი მეამბოხეების საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაციის განსახილველად გამოიყენა Signal-ის კიდევ ერთი ჩატი, რომელშიც ჩართული იყო ათზე მეტი პირი, მათ შორის ჰეგსეთის ცოლი, ძმა და ადვოკატი.
მედიასაშუალების წყაროთა თანახმად, რომელთა შორის ჩატის მონაწილეც არის, პიტ ჰეგსეთმა ეს ჩატი 2025 წლის იანვარში, თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე შექმნა, თუმცა, პირადი ტელეფონით იყენებდა მინისტრად დამტკიცების შემდეგაც. ინფორმირებული წყაროების ცნობით, ჰეგსეთმა ჩატში, რომელიც არ იყო განკუთვნილი სამხედრო გეგმის განსახილველად, 15 მარტს დაწერა ჰუთების პოზიციების დასაბომბად ამერიკული გამანადგურებლების გაფრენის გრაფიკი.
ამჟამად აშშ-ში მიმდინარეობს გამოძიება მსგავს შემთხვევაზე, როცა დახურულ ჩატში, სადაც ჰუთების საწინააღმდეგო ოპერაციას განიხილავდნენ, ჟურნალისტიც აღმოჩნდა.
მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ გამოცემა The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩევლისგან, მაიკ უოლცისგან 13 მარტს მოულოდნელად მიიღო მიწვევა Signal-ის დახურულ ჩატში, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსნები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი განიხილავდნენ იემენში მეამბოხე ჰუთების პოზიციებზე შეტევას.
საიდუმლო ინფორმაციის განხილვის წესების დარღვევას მწვავე რეაქცია მოჰყვა კონგრესის წარმომადგენლებისა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტებისგან.
დემოკრატებმა მაიკ უოლცის და პიტ ჰეგსეთის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაშინ განაცხადა, რომ თანამდებობიდან არავის გათავისუფლებას არ აპირებს.
