გუშინ, 23 დეკემბერს, საზღვაო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ინდოეთის ოკეანეში, ინდოეთის სანაპიროს მახლობლად სავაჭრო ხომალდს დრონით დაესხნენ თავს.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ირანიდან გაშვებული დრონი ინდოეთის ოკეანეში ქიმიური ნივთიერებების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ გემს მოხვდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია და ბორტზე გაჩენილი ხანძარი მალევე ჩააქრეს.
“თბომავალი CHEM PLUTO-ს, რომელიც ლიბერიის დროშის ქვეშ დაცურავს, იაპონიის მფლობელობაშია, და ამჟამად ნიდერლანდები მართავს, ინდოეთის ოკეანეში, ინდოეთის სანაპიროდან 200 საზღვაო მილის დაშორებით, ირანიდან გაშვებული ცალმხრივი დრონი ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:00 საათზე მოხვდა”. – განაცხადა პენტაგონის სპიკერმა გამოცემა Reuters-თან საუბრისას.
პენტაგონის თქმით, 2021 წლიდან მოყოლებული, ეს მე-7 ირანული თავდასხმა იყო კომერციულ გემებზე. ღაზაში მიმდინარე ჰამას-ისრაელის ომის ფონზე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვასა და მიმდებარე წყლებში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმები გაახშირეს. მათი სამიზნეები ისრაელთან დაკავშირებული გემები და ტანკერებია.
წითელი ზღვის რეგიონში სავაჭრო გზებისთვის გაზრდილი საფრთხის გამო გასულ დღეებში აშშ-მ კომერციული გემების დასაცავად პარტნიორებთან ერთად წითელ ზღვაში ოპერაცია კეთილდღეობის მცველი დაიწყო.