უკრაინისთვის დამატებითი იარაღის მიწოდების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ პენტაგონმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ უკრაინაში დამატებით თავდაცვით იარაღს აგზავნიან.
პენტაგონის წარმომადგენლის, შონ პარნელის განცხადებაში, რომელიც 7 ივლისს გავრცელდა, ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ტრამპის მითითებით თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში აგზავნის დამატებით იარაღს, რათა უკრაინელებმა თავის დაცვა შეძლონ, სანამ აშშ მუშაობს მყარი მშვიდობის დასამყარებლად.
შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო იარაღის კონკრეტულ სახეობებს არ ასახელებს.
ამასთან, შონ პარნელი აღნიშნავს, რომ ძალაშია მთელ მსოფლიოში იარაღის მიწოდების შეფასების გადაწყვეტილება, რომელიც სტრატეგიის, „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ ნაწილია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 7 ივლისს განაცხადა, რომ გეგმავენ უკრაინას გაუგზავნონ დამატებითი, ძირითადად, თავდაცვისთვის საჭირო იარაღი, რადგან უკრაინა ძლიერი დარტყმების ქვეშაა და უამრავი ადამიანი იღუპება.
პრეზიდენტ ტრამპის ამ განცხადებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას შეუჩერა ზოგიერთი სახეობის იარაღის მიწოდება, რაც პენტაგონის მარაგების შემცირებით გამოწვეულ საფრთხეს და სიტუაციის შეფასების აუცილებლობას დაუკავშირეს.
რუსეთის არმია ინტენსიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს და სახმელეთო შეტევებითაც ცდილობს ახალი რაიონების დაპყრობას.
ფორუმი
