პენტაგონის ცნობით, ვენესუელაში სპეცოპერაციის დროს 7 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა

შეერთებული შტატების მიერ ვენესუელაში ჩატარებული სპეცოპერაციისას შვიდი ამერიკელი სამხედრო დაიჭრა. ამის შესახებ პენტაგონიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით 7 იანვარს იუწყებიან NBC News-ი, Fox News-ი და სხვა ამერიკული მედიასაშუალებები.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ხუთი სამხედრო სამსახურს უკვე დაუბრუნდა, ორის რეაბილიტაცია კი გრძელდება.
ვენესუელაში 3 იანვარს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ -ის თავდაცვის სამინისტრო(ომის სამინისტრო) არ პასუხობდა მედიის შეკითხვებს ამერიკელ სამხედროებს შორის სავარაუდო მსხვერპლის შესახებ.
მედიასაშუალებებმა პენტაგონისგან ინფორმაცია მიიღეს ვენესუელაში ჩატარებული სპეცოპერაციიდან მეოთხე დღეს.
ცნობილია, რომ -ის სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპნენ ვენესუელის და კუბის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები. ვენესუელის არმიის მონაცემებით, დაღუპულია 23 ადამიანი. 32 მოქალაქის სიკვდილის შესახებ განაცხადა კუბის მთავრობამ.
ამერიკული გამოცემა Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვენესუელაში დაიღუპა დაახლოებით 75 ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირები, რომლებიც სპეცოპერაციის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ.
· 2026 წლის 3 იანვარს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოპერაცია ჩაატარეს და დააკავეს ქვეყნის მეთაური ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი. ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელაში რამდენიმე სამხედრო ობიექტსაც დაარტყეს. ვენესუელის ხელისუფლების თანახმად, დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც.
· პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს, სანამ არ მოხდება ხელისუფლების უსაფრთხო და გონივრული გადაცემა. ტრამპის თანახმად, უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიები მილიარდობით დოლარს დახარჯავენ ვენესუელის განადგურებული სანავთობო ინფრასტრუქტურის აღსადგენად და ქვეყნისთვის ფულის გამომუშავებას დაიწყებენ.
· 5 იანვარს ნიკოლას მადუროს და სილია ფლორესს ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში ბრალი წაუყენეს ოთხი მუხლით. მათ შორისაა ნარკოტერორისტული შეთქმულება. ორივე მათგანმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა.
· ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი ასრულებს. მან 4 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას იწვევენ თანამშრომლობისთვის დღის წესრიგით, რომელიც ორიენტირებული იქნება ერთობლივ განვითარებაზე საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
აშშ-ის მიერ ვენესუელაში 2026 წლის 3 იანვარს ჩატარებულ ოპერაციას და ნიკოლას მადუროსა და მისი ცოლის დაკავებას წინ უძღოდა ტრამპის ადმინისტრაციის სხვა ქმედებები.
2025 წლის ნოემბერში პენტაგონმა გამოაცხადა, რომ დაიწყო სამხედრო ოპერაცია ნარკოტიკებისგან შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ნახევარსფეროს დასაცავად. შემოდგომაზე ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ნაპირების მახლობლად შეტევა მიიტანეს რამდენიმე ათეულ გემზე, რომლებსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ნარკოტიკები გადაჰქონდათ.
მადუროს ხელისუფლება აცხადებდა, რომ ტრამპის რეალური მიზანი არა ნარკოტიკებთან ბრძოლა, არამედ ვენესუელის ნავთობის მითვისება და ქვეყნის მთავრობის დამხობაა.
2025 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის რეჟიმი დაადანაშაულა ნავთობის მოპარვაში და ვენესუელიდან მომავალი და ამ ქვეყნისკენ მიმავალი სანქცირებული ტანკერების სრული ბლოკადის ბრძანება გასცა.
ნიკოლას მადუროს მთავრობამ აშშ-ის პრეზიდენტს ბრალად დასდო საერთაშორისო სამართლისა და თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობის პრინციპების დარღვევა.
დეკემბრის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის ტერიტორიაზე დაარტყეს საპორტო მისადგომის რაიონს, სადაც გემებზე ნარკოტიკებს ტვირთავდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ვაშინგტონმა ვენესუელაში, ხმელეთზე ჩატარებული ოპერაციის შესახებ განაცხადა.
ფორუმი