პენსიის კანონში ცვლილებები აჩენს რისკს, რომ ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით – გიორგი მსხილაძე

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებებს და აღნიშნული კანონი დაუბრუნა პარლამენტს.
განხორციელებული ცვლილებებით საპენსიო ფონდის მმართველი საბჭოს წევრებს დანიშნავს პრემიერ-მინისტრი, მაშინ როცა ადრე მოქმედი მოდელით ფონდის საინვესტიციო საბჭოს წევრებს ირჩევდა პარლამენტი. მიუღებელი და დაუშვებელია ამ პროცესის პარლამენტიდან გატანდა და პრემიერ-მინისტრის ხელში ძალაუფლების ამგვარი კონცენტრაცია.
აღნიშნული ცვლილება აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით. ეს კი შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით სხვადასხვა სამთავრობო ნაკლებად მომგებიან პროექტებში და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს.
პენსიის რეფორმა საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად ითვლებოდა, რის გამოც გაუმართლებელია ასეთი ცვლილებების მიღება, რომლებიც რეპუტაციულად აზიანებს ამ რეფორმას, არყევს მის მიმართ მოსახლეობის ნდობას. მყარი საპენსიო სისტემა და მისი სანდოობა პირდაპირ დაკავშირებულია მოქალაქეთა კეთილდღეობასთან.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას იმოქმედოს მილიონ ნახევარზე მეტი საქართველოს მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით.
აქვე განვმარტავ, რომ აღნიშნული არ ნიშნავს პარლამენტში მოტივირებული შენიშვნებით კანონის დაბრუნებას ე.წ ვეტოს. პრეზიდენტი იყენებს კონსტიტუციურ უფლებას აგზავნის კანონს უკან პარლამენტში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში მოაწერს ხელს.