პენიტენციური სამსახური პატიმრის გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, „ვივამედში“ გარდაცვლილი პატიმარი გლდანის ციხეში შესახლების დღიდან იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. მას შესახლებისას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება და სათანადო კვლევები.
პენიტენციური სამსახური უსამძიმრებს პატიმრის ოჯახის წევრებს და გმობს „პატიმრის გარდაცვალების ფაქტით მანიპულირებას, რაც ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან ადამიანური ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგი მაგალითია“.
„ბრალდებულ ი.გ.-ს ან მის უფლებადამცველს დაწესებულებაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში პენიტენციური სამსახურის და №8 დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ რაიმე სახის საჩივარი ბრალდებულის უფლებების დარღვევის შესახებ არ დაუფიქსირებიათ. 2025 წლის 23 იანვარს ბრალდებული ი.გ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა 112-ის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ბრალდებული სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ბრალდებული ი.გ. იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა 2025 წლის 4 მაისს გარდაიცვალა“, — ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა მყისიერად დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
„აღსანიშნავია, რომ ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება. ამჟამად, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც. საზოგადოებას გამოძიების დასრულების შემდგომ ეცნობება შედეგების შესახებ“, — ნათქვამია განცხადებაში.
გლდანის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ მრავლობითი დაზიანებებით შეყვანილი პატიმარი, იოსებ გორგაძე 3-თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.
ამ თემაზე:
ადვოკატი ეჭვობს, რომ გარდაცვლილი პატიმარი ციხის თანამშრომლებმაც სცემეს