პენიტენციური სამსახური – მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძე შერჩევითად იღებს გარკვეული სახეობის პროდუქტებს და სისტემატურად აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანია სამსახურის დისკრედიტაცია

სპეციალური პენიტენციური სამსახური მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა სრულფასოვან კვებას, თუმცა, მსჯავრდებული გ. ჩიკვაიძე შერჩევითად იღებს გარკვეული სახეობის პროდუქტებს და სისტემატურად აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანია პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაცია – თითქოს სამსახური ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულს შესაბამისი კვებით, რაც ცალსახად არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ცილისწამებას, – ასე გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი ჩიკვაიძის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულმა გიორგი ჩიკვაიძემ და მისმა თანამესაკნეებმა შიმშილობა დაიწყეს საკვების მიუწოდებლობის გამო.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის, მსჯავრდებულებსა და მათთან დაახლოებულ პირებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.
„სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სურს, უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება და გამოეხმაუროს მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძის დედის, ეკატერინე წერეთლის მიერ გავრცელებულ მორიგ პროვოკაციულ განცხადებას, თითქოს მსჯავრდებულმა გ. ჩიკვაიძემ და მისმა თანამესაკნეებმა შიმშილობა დაიწყეს საკვების მიუწოდებლობის გამო.
საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით განვმარტავთ, რომ მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძეს და მის თანამესაკნეებს 2025 წლის 25 და 26 ოქტომბერს საუზმის სახით შესთავაზეს „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად დადგენილი ულუფა, რაზეც უარი განაცხადეს და საკანში დაიტოვეს მხოლოდ პური; შემდგომ სადილისა და ვახშმის მიღებაზეც განაცხადეს უარი იმ მიზეზით, რომ არ სურდათ. ასევე, 2025 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით, 13:22 საათზე, მსჯავრდებულებს შესთავაზეს სადილი, რა დროსაც მსჯავრდებულმა გ. ჩიკვაიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციურ დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხულ საკვების დარიგებაზე უფლებამოსილ მსჯავრდებულს, რომელიც გადაადგილდებოდა დაწესებულების მორიგე თანამშრომელთან ერთად. მსჯავრდებული გ. ჩიკვაიძე, ასევე, არ დაემორჩილა მორიგე თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტის შესახებ და იგი კვლავ აგრძელებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხული მსჯავრდებულის მიმართ.
აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა სრულფასოვან კვებას, თუმცა, მსჯავრდებული გ. ჩიკვაიძე შერჩევითად იღებს გარკვეული სახეობის პროდუქტებს და სისტემატურად აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანია პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაცია – თითქოს სამსახური ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულს შესაბამისი კვებით, რაც ცალსახად არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ცილისწამებას.
ასევე, განვმარტავთ, რომ პენიტენციური სამსახური, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეაგირებს მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ფაქტზე.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის, მსჯავრდებულებსა და მათთან დაახლოებულ პირებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.“- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში მსჯავრდებულებმა გიორგი ჩიკვაიძემ, ირაკლი პაპიაშვილმა და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ანზორ კვარაცხელიამ შიმშილობა დაიწყეს.
როგორც ის განმარტავს, შიმშილობის მიზეზი „წამებასთან გათანაბრებული ქმედება – საკვების არ მიწოდების გამო, შემდგომი დაძალება და ციხის თანამშრომლის მხრიდან „ძველბიჭური“ მუქარა გახდა“.