პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს დაზიანებები აქვს.
„იგი განთავსებული იყო არა სამარტოო, არამედ 4 ადგილიან საცხოვრებელ საკანში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამესაკნესთან ერთად, მათ შორის, მიმდინარე წლის 12 ივლისამდე.
დამატებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს პენიტენციური დაწესებულების საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულ გ.ბ.-სა და მასთან საკანში მყოფ პატიმარს შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორივე მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. მსჯავრდებულ გ.ბ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, მას ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა. ჩაუტარდა ყველა საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა, გაეწია სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაცია და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით, იმავე დღეს, დაბრუნებულ იქნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
მიმდინარე წლის 12 ივლისს, გ.ბ. გადაყვანილ იქნა N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებების გამო, ამავე სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება მეორე მსჯავრდებულიც.
ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინციდენტის დაფიქსირების დღიდან, 2025 წლის 11 ივლისიდან აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. აღსანიშნავია, რომ ინციდენტთან დაკავშირებით, მსჯავრდებულ გ.ბ.-ს, ასევე, შეხვდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი“, – აცხადებს პენიტენციური სამსახური.
გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, 11 ივლისს გლდანის ციხის საკანში, სადაც ბოლო 1 კვირა მარტო იმყოფებოდა, მისთვის უცნობმა პირმა სცემა.
წერილში, რომელიც ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა ნეტგაზეთს მიაწოდა, ის წერს, რომ მის ცემას წინ უძღოდა გლდანის ციხის ხელმძღვანელის, დავით გოგობერიშვილის გაფრთხილება.
ბაჩუაშვილის თქმით, ცემამდე 3 დღით ადრე ის გლდანის ციხის უფროსმა დაიბარა და მას ბიძინა ივანიშვილისთვის მისი საბანკო ანგარიშების, კრიპტო ვალუტების ბრუნვების და ანგარიშის მისამართების გახსნა ურჩია.
