პენიტენციური ირწმუნება, რომ მზია ამაღლობელს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება მიეწოდება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ირწმუნება, რომ ნეტგაზეთისა და ბათუმელების ხელმძღვანელს მზია ამაღლობელს უწყვეტად მიეწოდება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. მზია ამაღლობელი მე-16 დღეა შიმშილობს.
არაერთი მოწოდების შემდეგ ეს პირველი განცხადებაა სამსახურის მხრიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
პენიტენციური სამსახური “ცილისწამებას” უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია და მასზე პენიტენციური სამსახური არ ზრუნავს.
“ბრალდებული მ.ა. იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთანავე, ბრალდებული, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, მყისიერი რეაგირებისთვის მოთავსებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში. ბრალდებულის საცხოვრებელი პირობები სრულად შეესაბამება პენიტენციური კოდექსით განსაზღვრულ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ჩვენი სამსახურისთვის პრიორიტეტულია.
მოვუწოდებთ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, რომ თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად” – ნათქვამია განცხადებაში.
ნეტგაზეთისა და ბათუმელების ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი მე-16 დღეა ციხეში შიმშილობს. საიას ცნობით, მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – აუცილებელია დაუყოვნებელი მოქმედება.
***
14 იანვარს ს საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
16 იანვარს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პროტესტის მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.