აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი და დემოკრატი კონგრესმენი ნენსი პელოსი კონგრესის პროგრესისტი წევრების მოწოდებას შეუერთდა, რომელშიც ისინი აშშ-ს მხრიდან ისრაელისთვის შეიარაღების გადაცემის შეჩერებას ითხოვენ.
დემოკრატი წარმომადგენლების მიერ შედგენილი წერილი 5 აპრილს გასაჯაროვდა და მას 37 ხელმომწერი ჰყავს, მათ შორის ნენსი პელოსიც, და 37-ვე მათგანი დემოკრატიული პარტიის წევრია.
კონგრესმენები აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენისთვისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ენტონი ბლინკენისთვის მიწერილ წერილში წერენ, რომ “ბოლო პერიოდში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებზე თავდასხმისა და დღითიდღე გაუარესებული ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, ჩვენ გვჯერა, რომ გაუმართლებელია ამ შეიარაღების გადაცემის დაშვება”.
ამასთანავე, დემოკრატი კონგრესმენები World Central Kitchen-ის თანამშრომლებზე თავდასხმის საკითხზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) მომხდარზე გამოძიების შედეგები 5 აპრილს გამოაქვეყნა და შედეგად თანამდებობიდან ორი ოფიცერი გაათავისუფლა.
“თუკი აღმოჩნდა, რომ ამ იერიშმა აშშ-ს ან საერთაშორისო სამართალი დაარღვია, მოგიწოდებთ, [იარაღის] გზავნილები მანამ შეაჩეროთ, სანამ პასუხისმგებელი პირები პასუხს არ აგებენ”. – წერენ დემოკრატი კონგრესმენები ბაიდენის ადმინისტრაციისთვის გაგზავნილ წერილში.
2 აპრილს, ღაზაში ისრაელის თავდასხმას საერთაშორისო ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაციის World Central Kitchen-ის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა, ხოლო ორგანიზაციამ ღაზის სექტორში მუშაობა შეაჩერა.
IDF-ის გამოძიების დასკვნით, ისრაელის ძალებმა შეცდომით ჩათვალეს, რომ თავდასხმის ობიექტი ჰამასის ტერორისტები იყვნენ და სწორედ ამიტომ მიიტანეს დრონებით იერიში ღაზის სექტორში, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა. ისრაელის ინფორმაციით, საჰაერო იერიშის დროს შესაბამისი პროცედურების სერიოზული დარღვევა დადგინდა.