პეკინი იმ ქვეყნებს ემუქრება, რომლებიც „ტრამპის მიმართ დათმობებზე ჩინეთის ინტერესების ხარჯზე წავიდნენ“

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი გრძელდების შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკის ესკალაცია სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს.
საქმე ეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვაშინგტონს სურს, ზეწოლა მოახდინოს რამდენიმე ქვეყანაზე, რომლებიც, ჩინეთთან ვაჭრობის შემცირების სანაცვლოდ, ამერიკული ტარიფებისგან გათავისუფლების გარანტიას მიიღებენ.
ამის საპასუხოდ, ჩინეთი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებიც -სთან პეკინის ინტერესებისთვის ზიანის მომტან შეთანხმებებს დადებენ. „ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც ჩინეთის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული. თუ ეს მოხდება, ჩინეთი ამას სათანადოდ უპასუხებს“, – იუწყება ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო.
„მორჩილება არ არის მშვიდობის გარანტია, დათმობაზე წასვლით პატივისცემის მოპოვება არ ხდება , – ამბობს ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელი.
ეს განცხადებები წარმოადგენს ერთგვარ ექოს იმ სარედაქციო სტატიისა, რომელიც გასულ კვირას ჩინეთის ოფიციალურმა გამოცემა „ჩაინა დეილიმ“ გამოაქვეყნა. ამას მოჰყვა ბრიუსელის მისამართით გაკეთებული გაფრთხილება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის „შეკავების“ მცდელობებს ეხებოდა.
თეთრ სახლში მეორე საპრეზიდენტო ვადით დაბრუნების შემდეგ, დონალდ ტრამპმა მაღალი ტარიფები დააწესა ჩინური საქონლის იმპორტზე, ასევე გაზარდა გადასახადები სხვა ქვეყნების პროდუქციაზე.
ამასთან, რამდენიმე სავაჭრო პარტნიორთან ვაშინგტონი ტარიფების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. მაგალითად, იაპონიამ გასულ კვირას, ამ საკითხზე შესათანხმებლად, აშშ-ში დელეგაცია გაგზავნა.
სამხრეთ კორეის დელეგაცია კი ვაშინგტონში ამ კვირაში უნდა ჩავიდეს.
იაპონური კომპანიის განცხადების თანახმად, რომელიც ვაჭრობას ონლაინ პლატფორმის მეშვეობით აწარმოებს, „იაპონიას არ სურს შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არჩევანის გაკეთება“.
„ამის მიზეზი ის არის, რომ იაპონია მოგების დაახლოებით 20 პროცენტს შეერთებული შტატებში საქონლის ექსპორტით იღებს, ხოლო დაახლოებით 15 პროცენტს – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პროდუქციის შეტანით“, – განუცხადა BBC-ს კომპანია Monex Group-ის წარმომადგენელმა.
თავის მხრივ, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ამ კვირაში ინდოეთს სტუმრობს, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან.
იმ შემთხვევაში, თუ შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ინდოეთს ამერიკის მხრიდან 26-პროცენტიანი ტარიფის დაწესება ემუქრება.
რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, ვენსის თქმით, ამ ქვეყანასთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევის „კარგი შანსი“ არსებობს.
„ჩვენ ბევრს ვმუშაობთ კირ სტარმერის მთავრობასთან“, – აღნიშნა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ვებსაიტ UnHerd-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ტრამპმა ჩინური საქონლის იმპორტზე 145-პროცენტიანი ტარიფი დააწესა. როდესაც ახალი ტარიფები უკვე არსებულს დაემატება, ზოგიერთ ჩინურ პროდუქტზე გადასახადები შეიძლება 245 პროცენტამდე გაიზარდოს.
ვაშინგტონის ამ ნაბიჯს პეკინმა აშშ-ს პროდუქტებზე 125-პროცენტიანი გადასახადით უპასუხა და დონალდ ტრამპს დაჰპირდა, რომ „ბოლომდე იბრძოლებს“.
წყარო: 1 არხი