კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიასთან დაკავშირებით გარიგების დადების შემდეგ ესპანეთის პრემიერმინისტრი და სოციალისტური პარტიის ლიდერი, პედრო სანჩესი ქვეყნის პრემიერად კიდევ ერთი ვადით აირჩიეს.
სანჩესის თანამდებობაზე დანიშვნას მხარი 179-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 171 იყო. უმრავლესობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად სანჩესს 350-ადგილიან პარლამენტში 176 დეპუტატის ხმა სჭირდება.
გასულ კვირას სანჩესი სეპარატისტებთან კონტროვერსიულ პოლიტიკურ გარიგებას დათანხმდა.
შეთანხმების მიხედვით, გამოცხადდება ამნისტია, რომელიც შეეხება ადამიანებს, ვისაც 2012 წლიდან 2023 წლამდე კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნასთან დაკავშირებული ბრალდებები აქვთ წარდგენილი.
ამასთან, შეთანხმებაში წერია, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტია ერთად კატალონიისთვის ესპანეთის კონსტიტუციის ფარგლებში კატალონიის პოლიტიკური მომავლის შესახებ თვითგამორკვევის რეფერენდუმის ინიციატივას წარადგენს. მასშივე წერია, რომ სოციალისტური პარტია კატალონიის ავტონომიის სასამართლო გზებით გაფართოებას დაუჭერს მხარს.
სანაცვლოდ, შეთანხმების თანახმად, ერთად კატალონიისთვის სოციალისტურ პარტიასთან კოალიციაში შევიდოდა.
გარიგებას მოსახლეობაში მწვავე რეაქცია მოჰყვა, კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებული პირების შესაძლო ამნისტიის გამოცხადების გამო მადრიდსა და სხვა ქალაქებში მემარჯვენეთა დემონსტრაციები იმართება.
სახალხო პარტიის ლიდერმა, ალბერტო ნუნეს ფეიხოომ მოსახლეობას აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა. მანვე თქვა, რომ პრემიერი ალიანსში პირადი სარგებლის გამო შევიდა და “დამოუკიდებლობის მოძრაობის შანტაჟს” სრულად დანებდა.
პრემიერის გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა საკუთარ პარტიაშიც. მისმა თანაპარტიელმა, იზაბელ დიას აიუსომ ესპანურ მედიას უთხრა, რომ სოციალისტებმა საკუთარ პრინციპებს უღალატეს, ხოლო პრემიერი ცდილობს, ქვეყანაში “დიქტატურა უკანა კარიდან” შეაპაროს.
24 ივლისს ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მანდატების 50%-ზე მეტი ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა.
არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტულმა სახალხო პარტიამ მიიღო ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არა საკმარისი –მთავრობის დამოუკიდებლად ან კოალიციურ პარტნიორ პარტიასთან Vox-თან ერთად ფორმირებისთვის.
ხმების 99 პროცენტის დათვლის შემდეგ, კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ 136 ადგილი მოიპოვა, სოციალისტებმა – 122, ულტრამემარჯვენე Vox-მა – 33, ხოლო მემარცხენე Sumar-მა 31.