საჯარო სკოლებში დასაქმებულმა პედაგოგებმა დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით სხვა საქმიანობა რომ აწარმოონ, დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობა დასჭირდებათ.
კომპიუტერული სკოლა „მზიურის“ აღმასრულებელი დირექტორი გრიშა ლაბაძე რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ხაზს უსვამს, რომ კანონში ამ ცვლილების შეტანის გაცხადებული მიზანი – კორუფციასთან ბრძოლა – ვერ შესრულდება. პირიქით, მისი აზრით, სიახლე კორუფციას უფრო მეტ ბიძგს მისცემს.
„არ არის გამორიცხული, თანხმობა ხელმძღვანელმა მხოლოდ მას შემდეგ გასცეს, რაც დასაქმებულთან გარკვეული ტიპის კორუფციულ შეთანხმებას დადებს. რა თქმა უნდა, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მსგავსი რამ არ მოხდება, თუმცა, ამის შესაძლებლობა იქმნება“, – აცხადებს გრიშა ლაბაძე.
რადიო „კომერსანტის“ სტუმარი მიიჩნევს, რომ ამ წესის დამკვიდრებით ხელქვეითი კონკრეტული ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული ხდება, რაც მომავალში სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს.
„თუ ხელმძღვანელის მიმართ შეიცვლება მოთხოვნები, იქნება სხვადასხვა დავალებები, ხელმძღვანელი ან შეასრულებს ამ დავალებებს, ან სამსახურის დაკარგვა მოუწევს. აქედან გამომდინარე, ეს ქმნის კონტროლის ძალიან დიდ მექანიზმს, რომელიც საბოლოო ჯამში ვის როგორ შეეხება, წინასწარ რთული საპროგნოზოა. თუმცა, ყოველი გაუცემელი ნებართვა, ყოველი ადამიანის ფინანსური შემოსავლის წყაროს შემცირებას გულისხმობს. საბოლოო თვალსაზრისით, ჩვენ ვიღებთ იმას, რომ პედაგოგებს ფინანსური მდგომარეობა გაუუარესდებათ, რაც კიდევ უფრო დაარტყამს განათლების სისტემას“, – ამბობს გრიშა ლაბაძე „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას.




