„დაკავება ეს არ იყო. ნიკა პირდაპირ ჩასაფრებით მოიტაცეს. ეს უეჭველი ამბავია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„ნიკა მიდიოდა გადაცემაში, ეს ვიცით. ფორმალური საფუძველი არ არსებობდა. გირაოს ვადაც არ არის გასული. ასევე არ არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილება“, – თქვა მან.
მან მელიას თანმხლები პირების გამოკითხვის შემდეგ მოვლენების განვითარება ასე აღწერა:
„ნიკა მიდის გადაცემაში. ლისის ტბის ასახვევთან [მელიას უკან მიმავალ დაცვის მანქანას] აჩერებს პატრულის ერთი მანქანა და ეუბნება, შუშის დაბურვაზე უნდა დაგაჯარიმოო.
ნიკას მანქანა დაბურული არ არის. მიუხედავად ამისა, მიდის წინა მანქანასთანაც, ჩააწევინებს ფანჯარას, ხედავს ნიკას და შემდეგ გადასცემს რაციით: „ობიექტი აქ არის“.
უცებ მოდის 10-ზე მეტი მანქანა – წარმოიდგინეთ, რა ხდება უბრალოდ, – ერთი სამარშრუტო ტაქსი, ხალხი გამოდის ტყის პირიდან. იწყება დაკავების [ოპერაცია]. დაცვას რომ არაფერი დაენახა, პირდაპირ აყუდებენ მანქანასთან ყველას, ნიკას გარდა.
ნიკა გადმოჰყავთ და შეჰყავთ „მარშრუტკაში“. ყველა კამერა, რომელიც ორივე მანქანას ჰქონდა, მოგლიჯეს და წაიღეს თან, რათა კვალი არ იყოს.
იყო 100-მდე ადამიანი, ყველა შავებში ჩაცმული. რეალურად, ეს იყო კრიმპოლის ოპერაცია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მოგონილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ასე აკავებენ ადამიანებს, თან კრიმინალური პოლიცია, ხმას არ ამოვიღებთ მთელი კოალიცია, რომლის ლიდერებს თანდათან აპატიმრებენ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
.
სასამართლო და გირაოს გადაუხდელობა
პარტიის პრესსამსახურისა და ადვოკატის ცნობით, „ახლის“/„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს. ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შსს-ს, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღია. ინფორმაცია განახლდება.
29 მაისი, 22:40 საათი, განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ამბობენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
კერძოდ, შსს-ის ცნობით, მელია დააკავეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე“.
ეს მუხლი, შსს-ის განმარტებით, გულისხმობს „სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას.
დღეს ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო სხდომა არ ჩატარდა – გადადების ოფიციალური საფუძველი გახდა პროკურორების გამოუცხადებლობა.
პროკურორებმა გუშინ, 28 მაისს, წერილობით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს – თქვეს, რომ ტრენინგს უნდა დასწრებოდნენ.
ადვოკატმა კონდახიშვილმა დღეს სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, მისი აზრით, პროკურორებმა სპეციალურად გადადეს სხდომა.
საქმე ისაა, რომ ნიკა მელიას თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით მიმდინარე საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისათვის გირაო აქვს შეფარდებული – 50 000 ლარი.
მელიას გირაო არც გადაუხდია და არც გადახდას არ აპირებს, გირაოს გადახდის ვადა კი ზუსტად დღეს, 29 მაისს, ღამის 12:00 საათზე იწურება.
კონდახიშვილი ვარაუდობდა, რომ 29 მაისს, სხდომის მიმდინარეობისას, პროკურორები ვერ იტყოდნენ, რომ მელიამ გირაო არ გადაიხადა და ვერც მის პატიმრობას ვერ მოითხოვდნენ.
ნიკა მელიას კოალიციური პარტნიორი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ერთი კვირის წინ, 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს – გირაოს გადაუხდელობის საფუძვლით.
ზურაბ ჯაფარიძის გარდა, გირაო დათქმულ ვადაში არ გადაიხადა არც ირაკლი ოქრუაშვილმა – სასამართლო სხდომათა დარბაზში 14 მაისს ისიც დააკავეს.
გირაოს თანხის გადახდას არ გეგმავს არც ნიკა გვარამია.
ფორუმი
