მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება სიმართლესა და უსამართლობას, ზეციურ და მიწიერ აზროვნებას შორის დღემდე გრძელდება და ხალხის არჩევანიც მაცხოვრისა და ბარაბას მიმართ კვლავ სასწორზე დევს, სიმართლით შენიღბული სიცრუე და ბოროტება ვერ ფარავს ქრისტეს სახარების ჭეშმარიტებას და იგი, ღვთის მადლითა და ძალით, მთელს მსოფლიოში კვლავაც ვრცელდება და იქადაგება, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია აღნიშნული.
როგორც პატრიარქი ეპისტოლეში აღნიშნავს, სამწუხაროდ, ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ შეიცნო მასში ზეციური მეუფე, სიბრძნე და ჭეშმარიტება, ნათელი და სიცოცხლე, სიყვარული და უმწვერვალესი თავმდაბლობა, რადგან მიწიერ გულისთქმებს შედგომილნი არ ესწრაფოდნენ ღვთის სამართლს და საკუთარ სიმართლეს მინდობილნი, უფლის სიმართლეს არ დაემორჩილნენ.
„პროკურატორ პილატეს არ სურდა ქრისტეს დასჯა, მაგრამ მაინც ანგარიში გაუწია სინედრიონის, ჰეროდესა და მასთან წარმოდგენილი ხალხის პოზიციას და იმის შიშით, რომ არ დაეწამებინათ უძლეველი რომის კეისრის ძალაუფლების შემცილებლის დაცვა (ეუბნებოდენ, იესო თავს ამქვეყნიურ მეფედ აცხადებსო), აღარ შეეწინააღმდეგა მოთხოვნას – ჯვარს ეცვათ იგი. სამწუხაროდ, ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ შეიცნო მასში ზეციური მეუფე, სიბრძნე და ჭეშმარიტება, ნათელი და სიცოცხლე, სიყვარული და უმწვერვალესი თავმდაბლობა, რადგან მიწიერ გულისთქმებს შედგომილნი არ ესწრაფოდნენ ღვთის სამართლს და საკუთარ სიმართლეს მინდობილნი, უფლის სიმართლეს არ დაემორჩილნენ (შდრ. რომ. 10.3). „ამაონი იქმნენ თავიანთი ზრახვით, და დაბნელდა მათი უგონო გული; ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი, და შლეგებად იქცნენ“ (რომ. 1.21-22), უსამართლო ბრალი დასდეს მაცხოვარს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს თავად სიმართლეს, სიცოცხლესა და ჭეშმარიტებას. ერთი შეხედვით, მიწიერმა სამართალმა გაიმარჯვა და, ადამიანური ლოგიკით, ჯვარცმის შემდეგ იესოსადმი რწმენა უნდა განელებულიყო, მაგრამ სინამდვილე საპირისპირო აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება სიმართლესა და უსამართლობას, ზეციურ და მიწიერ აზროვნებას შორის დღემდე გრძელდება და ხალხის არჩევანიც მაცხოვრისა და ბარაბას მიმართ კვლავ სასწორზე დევს, სიმართლით შენიღბული სიცრუე და ბოროტება ვერ ფარავს ქრისტეს სახარების ჭეშმარიტებას და იგი, ღვთის მადლითა და ძალით, მთელს მსოფლიოში კვლავაც ვრცელდება და იქადაგება”, – აღნიშნულია ეპისტოლეში.