სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხმაურება. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში “ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ჩვენი ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული”. იქვე აღნიშნულია ისიც, რომ “ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი”.
“დღეს გამორჩეული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა; ასევე, კულტურული, მეცნიერული, ტექნიკური და ეკონომიკური წინსვლისა.
ვიმედოვნებთ, რომ ეს კავშირი ურთიერთგამამდიდრებელი იქნება და ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების და სულიერი ფასეულობების განმტკიცებასაც შეუწყობს ხელს.
კანდიდატის სტატუსის მიღებაში ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ჩვენი ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული; ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი”, – წერია პატრიარქის განცხადებაში.
14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყებას მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა შესაბამის კრიტერიუმებს მიაღწევს.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მინიჭებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო დათქმებით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.
საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა პირობიდან ნაწილი აგრძელებს 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას, ზოგიერთი კი სრულიად ახალია.
ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაზე.
ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს.
ამჟამად ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ია, როდესაც ორიოდე წლის წინ 60%-ს აჭარბებდა. გაცილებით მაღალია მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლები.