საქართველო დაობლდა. თუმცა ზეციურ საქართველოში ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი დიდი ქომაგი და მლოცველი შეემატა და უწმინდესი, ყოველთვის იცხოვრებს ჩვენს გულებში, სანამ ერთი ქართველი მაინც ცოცხალია. ასევე, თუ პატრიარქის ხსოვნისთვის პატივის ცემა გვინდა, უნდა გვახსოვდეს მისი დარიგეგბები და გავითვალისწინოთ ისინი. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეებიდან.
„ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ ახალგაზრდებს“
შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი შრომას გადაეჩვია. არადა, შრომა აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი და სულიერი. მშობლებმა ბავშვობიდანვე უნდა შეაყვარონ შვილებს ეს საქმე. ამასთან, უნდა აღზარდონ ისე, რომ ღვთის სიყვარულთან ერთად სამშობლოს და მოყვასის სიყვარული ასწავლონ. ასწავლონ სირთულეების დაძლევა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.
ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ ახალგაზრდებს; მართალია, მრავალი მათგანი სერიოზულ შეცდომებს უშვებს ემონება-რა ნარკომანიას, ლოთობას, გარყვნილებას… მაგრამ გვჯერა, ღვთის მადლით, ისინი შეიცნობენ ამ ცოდვათა დამღუპველობას და ღმერთს დაუბრუნდებიან; მიხვდებიან, ცხოვრებისეული ჯვარი იმიტომ მოგვეცა, რომ იგი რწმენითა და სიყვარულით ღირსეულად ვატაროთ და ჩვენი ჯვარცმა, – განსაცდელები და პრობლემები, – ჩვენს აღდგომად და ამაღლებად გადავაქციოთ.
არასწორმა ცხოვრების წესმა დაარღვია ტრადიციული ურთიერთობებიც. მაგალითად, ქართული სუფრა ყოველთვის იყო სამშობლოს, მეგობრობის, სიყვარულის, თანადგომის, ვაჟკაცობის სადიდებელი, ჭირის სუფრა კი, – გარდაცვლილთა მოსაგონარი და შესანდობარი. როგორც ერთი, ისე მეორე სერობა იწყებოდა და მთავრდებოდა ღვთის დიდებით. ახლა კი, ასეთი შეკრებები ხშირად დაუსრულებელ ქეიფად და ღრეობად იქცა, სადღეგრძელოები კი – ფარისევლურ ქება-დიდებად, რაც უნდა გამოსწორდეს”, – სააღდგომო ეპისტოლე 2015 წელი.
„არ შევუშინდეთ დროებით წარუმატებლობებს!“
არ შევუშინდეთ დროებით წარუმატებლობებს. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ის კი არ არის საშიში, თუ ვნებები გვებრძვის და ჩვენც ვებრძვით მათ, არამედ ისეთი მდგომარეობა, როცა ვემორჩილებით სხვადასხვა ვნებას და წინააღმდეგობის გაწევის სურვილი აღარ გვაქვს.
უბედურება იმაში კი არ არის, რომ შესცოდე, არამედ იმაში, რომ დაცემულს ადგომა არ გინდა; უბედურება ის კი არ არის რომ ვნებებმა დროებით დაგძლია, არამედ ის, რომ ცოდვაში ცხოვრება მოგწონს და ჯიუტად აგრძელებ ასეთ ყოფას და სხვათაც ღუპავ.
ზოგს მიაჩნია, რომ ღვთის მცნებების დაცვა ძნელია და რადგან ამის უნარი არა აქვს, ურჩევნია, ძველებურად განაგრძოს ცხოვრება, თუმცა იცის, რომ სწორად არ იქცევა. დიდი ნაწილი კი ფიქრობს, რომ მისთვის მთავარია, დღეს, აქ ჰქონდეს ყველაფერი, აქ იგემოს ყველა შესაძლო სიამოვნებაც და განსაცდელიც, რადგან რა იქნება გარდაცვალების შემდეგ, არ იცის და არ ესმის, რატომ უნდა დაიტანჯოს თავი რაღაც გაურკვეველი მომავლისათვის, რომელიც მართლა არსებობს თუ არა, არავინ უწყის.
ასეთად მოაზროვნეთათვის, რა თქმა უნდა, რაიმეს მტკიცებას აზრი არა აქვს. ისინი იმასაც ვერ ხვდებიან, რომ თუ ჩვენ მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრებისათვის ვიყავით შექმნილნი, მაშინ, წესით, სიკვდილი არ უნდა ყოფილიყო და ჩვენი ყოფაც აქ, ამ მიწაზე დაუსრულებლად უნდა გაგრძელებულიყო.
ხმელეთისა და ზღვისქვეშეთი, ფლორა და ფაუნა, მზის გალაქტიკა (სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) მთელი თავისი ურთულესი მექანიზმებით ნუთუ მარტო იმისთვის შეიქმნა, რომ ჩვენ ამ გარემოში 40, 80 თუ 100 წელი დავყოთ მხოლოდ და მერე უკვალოდ გავქრეთ? ეს ხომ უაზრობაა.
ნუ მივემსგავსებით მაცხოვრის გვერდით ჯვარცმულ იმ ავაზაკს, რომელმაც მთელი სიცოცხლის მანძილზეც და ძელზე ყოფნისასაც ვერ გაიგო, რა იყო სიცოცხლის აზრი, ვერც ქრისტე შეიცნო, და კიდევ უარესი, – ბოლომდე შეურაცხყოფდა და დასცინოდა მას. ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ მდგომარეობისაგან. თუ ძელზედ გაკრული მეორე ავაზაკი სიმბოლოა მორწმუნე და მონანული საზოგადოებისა, ეს ავაზაკი სახეა ურწმუნო და უგულისხმო, სინანულის არმქონე ხალხისა.
ჩვენ რომელ ავაზაკს ვგავართ? როგორი იქნება ჩვენი ჯვარი, – გადამრჩენელი, თუ წარმწყმედელი?“ – სააღდგომო ეპისტოლე 2016 წელი.
„დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახებს“
„ყურადღება მინდა, შევაჩერო დემოგრაფიულ საკითხზე. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მოკლე დროში ნავარაუდევია მოსახლეობის 28% -ით კლება, რაც ისედაც მცირერიცხოვანი ჩვენი ერისთვის უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება. ამ საგანგაშო მდგომარეობის ნაწილობრივ მაინც გამოსწორებისათვის, ჩვენი აზრით, აუცილებელია აბორტის, როგორც უმძიმესი ცოდვის, საწინააღმდეგო განწყობის შექმნა და პირველ ეტაპზე მრავალშვილიანი ოჯახების გარკვეული ნაწილისთვის ცალკე კანონის შემუშავება, რათა მათ დასახმარებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.
უნდა შევნიშნოთ, რომ როდესაც ჩვენს ხალხზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მსგავს, და ზოგ შემთხვევაში, უარეს მდგომარეობაში მყოფი, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები. ვგულისმობ, მაგალითად, აფხაზებს, უდინებს, ქისტებს, ჩერქეზებს, ოსებს, ასირიელებს, ლეკებს, ეზიდებს და სხვათ.
კარგი იქნება, ქვეყანამ განსაკუთრებული პირობები შეუქმნას როგორც ქართველ, ისე ამ ეთნიკური წარმომავლობის იმ ოჯახებს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ და გაუწიოს მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება, რაც უნდა მატულობდეს შვილთა რაოდენობის ზრდის მიხედვით. ოჯახებმა უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და მადლიერია მათი თავდადებისა. ხოლო როდესაც საქართველო ეკონომიურად გაძლიერდება, შეღავათები უნდა გავრცელდეს საერთოდ ყველა მრავალშვილიანზე. ზემოთქმულზე, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში მომუშავეთ, მასმედიასა და ეკლესიას, განსაკუთრებით კი, – კანონმდებელთ.
მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს გაუტეხელ, ქრისტესმოყვარე ერს: არ შეუშინდეთ დროის გამოწვევებს, თავს დატეხილ განსაცდელთ, პრობლემათა სიმრავლეს“, – სააღდგომო ეპისტოლე. 2018 წელი.
„ნებისმიერი ღირსეული პიროვნებისთვის სამშობლოს ისტორიის ცოდნა აუცილებელი პირობაა”
„ავიღოთ თუნდაც თაობათა შორის ურთიერთობა; იგი ყოველთვის გარკვეულ სირთულეებს შეიცავდა, რადგან უფროსებს ჰგონიათ, რომ მათ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და უკეთესად იციან, რა უნდა აკეთონ შვილებმა. შვილებს მიაჩნიათ, რომ მათ თვითონ უნდა განსაზღვრონ თავისი ყოფა და პირიქით, ბევრ რამეს უწუნებენ მშობლებს.
თაობათა ურთიერთობა მანამდე იქნება პრობლემური, ვიდრე ორივე მხარე ერთმანეთში არ დაინახავს იმ უმნიშვნელოვანესს, რაც პირადად მათ აკლიათ და რაც შეიძლება და აუცილებელიცაა, ისწავლონ ერთმანეთისაგან. ის, რომ მშობლებს და ასაკოვან ადამიანებს ბევრი რამ უნახავთ და ადამიანური ურთიერთობების მხრივ მეტი ცოდნა აქვთ, ბუნებრვია, მაგრამ ახალგაზრდები, რომ უფრო გაბედულნი, ზოგჯერ რადიკალურნიც არიან, ამასთან, აქვთ ახალი იდეები, ახალი ხედვა, ახალი მისწრაფებები, – ესეც ფაქტია. უფროსების ვალია, მათი შემოთავაზებებიდან სწორი არჩევანი გააკეთონ, დაინახონ მათში რეალური სასიკეთო შედეგები და მომავალ თაობას დაეხმარონ გზის გაკაფვაში. თანამშრომლობა და ურთიერთშევსების საჭიროება უნდა იგრძნოს ორივე მხარემ. ეს ნებისმიერი ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.
შემდეგ ეტაპზე კი უფრო ადვილია შევიყვაროთ სხვა პიროვნება; ეს კი ნიშნავს დავინახოთ მასში განუმეორებელი, განსაკუთრებული ღირებულებები და ეს დავაფასოთ. ადვილი არ არის შური, თავდაჯერებულობა, სხვისი დამცირებით თავის უპირატესად წარმოჩენის სურვილი, ამპარტავნება, და სხვა ამგვარი თვისებანი დამაბრკოლებელ გარემოებად არ გვექცეს; ამიტომაც სიკეთის ქმნასთან ერთად, აუცილებლად, უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თავზეც. ეგოიზმის დაძლევის და სწორი სულიერი განვითარების მაჩვენებელია ისიც, თუ როგორია სამშობლოსადმი ჩვენი დამოკიდებულება.
დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულებით რამდენიმე სახის შეტევა ხორციელდება: ერთნი, გარეშე ძალებისაგან ხელშეწყობილნი, აღვივებენ სეპარატისტულ სულს და ქვეყნის დანაწილების თეორიებს ქმნიან; მეორენი პატრიოტიზმის სახელით არასწორ მიმართულებებს ანვითარებენ და ამ გრძნობას დამახინჯებულ სახეს აძლევენ; სხვანი კი ზოგადადამიანური ღირებულებებით გვესაუბრებიან და პატრიოტიზმს ჩამორჩენილობად თვლიან.
არ არსებობს აწმყო წარსულის გარეშე. ნებისმიერი ღირსეული პიროვნებისთვის სამშობლოს ისტორიის ცოდნა აუცილებელი პირობაა; სახელმწიფოსთვის კი, – სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი გარანტი, რადგან ეს ცოდნა, სწორ აზროვნებასთან შეერთებული, აღძრავს ისეთ გრძნობებს, როგორიცაა იდეისთვის უანგარო მსახურება, ერთგულება, ვაჟკაცობა, გონიერება, თავდადება.., რაც ბოროტის მცდელობას, თავისთავად, წარუმატებელს ხდის; ამასთან, საზოგადოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ „ვისაც თავისი ქვეყანა არ უყვარს, მას არავისი სიყვარული არ ძალუძს“ (ჯ. ბაირონი), „სამშობლოს ნამდვილი სიყვარულის გარეშე კი კაცობრიობის ნამდვილი სიყვარული არ არსებობს“ (ა. ფრანსი)”, – სააღდგომე ეპისტოლე. 2019 წელი.
„უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები”
„დიდი უბედურების მომტანია ქვეყნებს შორის ომი, რადგან იგი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ კანონს, ზნეობას, ღირებულებას, მოაქვს ნგრევა და მატერიალურ-კულტურული ზიანი, თესავს სისასტიკესა და საყოველთაო სიძულვილს, რაც, რა თქმა უნდა, სულიერადაც მეტად მძიმე ვითარებას ქმნის. ასეთ გარემოში მნიშვნელოვანია და აუცილებელი თანალმობისა და სიკეთის გამოჩენა ომის მსხვერპლთა მიმართ (დაჭრილების, ტყვეების, მშიერ-მწყურვალთა, ბავშვების, ქალების, მოხუცების, სნეულთა და სხვათადმი), რათა დაიძლიოს ბოროტება.
უდიდეს გულისტკივილს იწვევს დღეს მსოფლიოში მიმდინარე ომები, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, სადაც ადგილი აქვს შემზარავ ფაქტებსა და უმძიმეს სისასტიკეს. ამიტომაც, ყველას გვმართებს განსაკუთრებული ლოცვა და ძალისხმევა მშვიდობისათვის. ამჟამად არსებული მდგომარეობა კი ისეთია, როდესაც აღარავინ იცის, ხვალინდელი დღე რას მოიტანს და მოვლენები როგორ განვითარდება; პროცესები შეიძლება მალე დასრულდეს, ან ხანგრძლივ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ან, შეიძლება, ყველანი გლობალური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ, რაც, ბუნებრივია, საყოველთაო შიშს ბადებს.
მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ურთულესი ვითარებიდან უფალს მრავალჯერ დაუხსნია კაცობრიობა; მთავარია, უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები, არ დავკარგოთ რწმენა და სასოება შემოქმედისა”, – სააღდგომე ეპისტოლე. 2022 წელი.




