პატიმრობის გახანგრძლივების გამო, სანქცირებული ოლიგარქი იგორ კოლომოისკი სტრასბურგში ჩივილს აპირებს

უკრაინელი ოლიგარქი, სანქცირებული იგორ კოლომოისკი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩივილს აპირებს. ბიზნესმენი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმადაც, მას პატიმრობის ვადა 2 თვით გაუხანგრძლივდა.
“გადავწყვიტეთ, მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული სასამართლოები აგრძელებენ იგორ ვალერიევიჩის პატიმრობას ყოველგვარი გამართლებული სამართლებრივი მიზნის გარეშე, ადამიანის უფლებათა კონვენციის მოთხოვნების სრული დარღვევით“, – განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეში პოლიტიკურ მოტივზეც მიუთითებს.
“ასევე გვჯერა, რომ “ფანტასტიკური” სისხლის სამართლის პროცესი ფარული პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული. პირველი ფარული მოტივი აიხსნება საზოგადოების წინაშე “დეოლიგარქიზაციის” ხელსაყრელი და დაპირებული სურათის შექმნით. მეორე ფარული მოტივი არის, რომ იგორ კოლომოისკის წაერთვას ნაციონალიზებული ქონების დაბრუნების იურიდიულ სტრატეგიაზე მუშაობის შესაძლებლობა”, – აცხადებს ადვოკატი.
როგორც ცნობილია, 2016 წლის 18 დეკემბერს უკრაინის ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება PrivatBank-ის გადახდისუუნაროდ გამოცხადების და ნაციონალიზაციის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მარეგულირებელი კაპიტალის ოდენობის უარყოფით მნიშვნელობამდე შემცირებას. ბანკის კაპიტალის დეფიციტი დამოუკიდებელმა, საერთაშორისოდ აღიარებულმა აუდიტორულმა კომპანიამ დაადასტურა. ბანკის აქციონერებმა არ შეასრულეს ვალდებულებები ფინანსური აღდგენის კუთხით. იმავე დღეს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფოს PrivatBank-ის კაპიტალში შესვლის შესახებ.
უკრაინელ ოლიგარქს 2021 წელს -მა მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობის გამო სანქციები დაუწესა. ოლიგარქი 2015 წლამდე დნეპროპეტროვსკის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. მან ქონება 1990-იანი წლების დასაწყისში, სწორედ PrivatBank-ით დააგროვა. მასზე ქვეყნის დეპოზიტების ერთი მესამედი მოდიოდა. თუმცა, 2016 წელს უკრაინის მთავრობამ ფულის გათეთრების გამო, კოლომოისკი და მისი ბიზნესპარტნიორი გენადი ბოლოგლიუბოვი PrivatBank-ს ჩამოაშორა და ბანკის ნაციონალიზაცია მოახდინა.
2022 წლის 20 იანვარს, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ინფორმაცია მიმდინარე გამოძიებაზე, რაც იგორ კოლომოისკის და მისი ბიზნესპარტნიორის, გენადი ბოგოლიუბოვოვის მიერ PrivatBank-იდან მითვისებულ მილიონებს შეეხებოდა. იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, კოლომოისკი შტატებში მრავალმილიონიანი ქონების მესაკუთრე ყალბი საკრედიტო ხაზებისა და დოკუმენტების გამოყენებით გახდა.